მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

პირველი განყოფილება

 

ადამიანის სულის ყოფიერების,
თვისებების და მოქმედებების შესახებ

 

თავი მეოთხე

 

სულიერი მდგომარეობების შესახებ

 

ა) სულის სასიამოვნო და უსიამოვნო მდგომარეობათა შესახებ

 

§101. იმედი და სასოწარკვეთილება

 

იმედი არის სულის სასიამოვნო მდგომარეობა, რომელიც წარმოიშობა იმის წარმოდგენიდან, რომ ჩვენ მივიღებთ სიკეთეს, რომლისკენაც მივისწრაფვით და რომელსაც შეუძლია მოგვანიჭოს კმაყოფილება. ამრიგად, იმედი არის თითქოსდა წინასწარი ტკბობა იმ სიკეთით, რომელიც გველის მომავალში. ეს მდგომარეობა წინ უსწრებს, თან ახლავს და ეხმარება სულს ყოველ მისწრაფებაში, ისე რომ მის გარეშე სული ვერ შეძლებდა თავისი ძალების დაძაბვას რაიმეს მისაღწევად. თუმცა გონება ხშირად შთააგონებს ადამიანს, რომ ის არ უნდა ელოდეს წარმატებას ზოგიერთ შემთხვევაში, თუმცა გამოცდილება ასწავლის მას, რომ ესა თუ ის მისწრაფება ვერ მიაღწევს მიზანს, მაგრამ იმედი არა მარტო არ ტოვებს ადამიანს, არამედ ყოველთვის აძლიერებს და აღძრავს მის ძალებს, ასე რომ იმედის დიდი თუ მცირე ხარისხი ხშირადაა გარკვეულ საქმეში წარმატების თავმდები. ადამიანის გული ისეა გაერთიანებული იმედთან, რომ ეს უკანასკნელი, ვამბობ მე, არ გვტოვებს ყველაზე სასოწარკვეთილ და საშინელ შემთხვევებში. ამბობენ, წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო, ეს კი გამოხატავს იმ აზრს, რომ იმედი იქაც არ გვტოვებს, სადაც თითქოს იმედის არავითარი საფუძველი არ არსებობს. ადამიანის ეს მტკიცე კავშირი ამ გრძნობასთან აიხსნება სიცოცხლის სიყვარულით და თვითშენახვის გრძნობით, რომლებიც ჩვენი ცხოვრების საფუძველია და რომლებიც გვტოვებენ სიცოცხლესთან ერთად.

 

სასოწარკვეთილება არის იმედის საპირისპირო გრძნობა. ის წარმოიშობა იმის წარმოდგენის გამო, რომ ჩვენ აღარ ძალგვიძს მოვიპოვოთ კეთილდღეობა, რომლისკენაც ვისწრაფვოდით. სასოწარკვეთილებას აქვს თავისი ხარისხები და თავისი, ასე ვთქვათ, მოცულობა. რაც უფრო მაღალია და აუცილებელია ის სიკეთე, რომელიც გვსურდა მიგვეღო, მით უფრო მძიმეა ჩვენთვის ეს გრძნობა. სიცოცხლის ძლიერი სიყვარული აიძულებს ადამიანს ზურგი შეაქციოს სასოწარკვეთილებას. თუ იმედმა ადამიანს უმტყუნა რაიმე ერთ შემთხვევაში, ის რაღაც სხვას ესწრაფვის, მაგრამ თუკი სასოწარკვეთილებამ ძლიერად მოიცვა სული, ის ართმევს სულს ძალას, აჩლუნგებს ყოველ გრძნობას და ამით აცარიელებს სულს, ზოგჯერ კი, როგორი საკვირველიც არ უნდა იყო ეს, უეცარი სასოწარკვეთილება სრულიად საპირისპირო შედეგს იწვევს. ის საოცრად ძაბავს სულისა და სხეულის ძალებს, ისე რომ სასოწარკვეთილი ადამიანი აკეთებს ისეთ საქმეებს, რომლებსაც ვერასოდეს ვერ გააკეთებდა მშვიდ მდგომარეობაში.