მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

პირველი განყოფილება

 

ადამიანის სულის ყოფიერების,
თვისებების და მოქმედებების შესახებ

 

თავი მეოთხე

 

სულიერი მდგომარეობების შესახებ

 

ა) სულის სასიამოვნო და უსიამოვნო მდგომარეობათა შესახებ

 

§99. სიხარულისა და მწუხარების გარეგანი ნიშნების შესახებ

 

სიხარული სიცოცხლეს მატებს ადამიანს, აღაგზნებს მის ენერგიას. სიხარულისას ადამიანი თითქოს მხრებს შლის; თავი ზეაწეულია, ხედვა თამამია; ადამიანს ნაბიჯი მტკიცე აქვს და ლაღი. და პირიქით, მწუხარება ჰკლავს ძალებს, ადამიანი თითქოს ვიწროვდება, თავი ჩაქინდრული აქვს, თვალები დახრილი, სახე დაღვრემილი. მაგრამ კონტრასტი ამ ორ გრძნობას შორის უფრო შესამჩნევია მათი დაძაბულობისას. სიხარული ესწრაფვის რაიმეში გამომჟღავნდეს, გამოვლინდეს. სიხარულისას ადამიანი გულზიარია, სურს სხვას გაუზიაროს თავისი გრძნობა. განსაკუთრებით ძნელია აღტაცება დამალო. აღტაცებისას ადამიანი მზადაა გადაეხვიოს ყველას, თავის მტერსაც კი. სიხარულის ასეთი გულზიარობის მიზეზი, ალბათ, ისაა, რომ ჩვენი სიხარული მატულობს, თუკი მას იზიარებს ვინმე. როცა ვცდილობთ სხვას შევატყობინოთ ჩვენი აღტაცება, ჩვენ უბრალოდ პატივმოყვარეობის აღტყინებას ვართ აყოლილი, ჩვენ თითქოსდა ვტრაბახობთ ჩვენი ბედნიერებით, გვსურს, რომ ყველას შურდეს ჩვენი. ჭირ-ვარამი და გულგატეხილობა, პირიქით, გულჩათხრობილია. მჭმუნვარე ადამიანი ენაძვირია, უყვარს განმარტოება, დამალვა. ყველაფერი ეს იმავე პატივმოყვარეობისა და თავისი თავის სიყვარულის შედეგია. ჩვენ არ გვსურს აღვძრათ ადამიანებში სიბრალული ჩვენდამი; სიამაყე უფლებას არ გვაძლევს ვაქციოთ საკუთარი თავი ზოგიერთის თანაგრძნობისა და ზოგიერთის ფარული სიხარულის საგნად. ზოგჯერ კი პირიქითაც ხდება. ხდება ისედაც, რომ ადამიანი თავს იწონებს თავისი მწუხარებით, ცდილობს აღძრას შეცოდების გრძნობა სხვებში, სურს თითქოსდა თქვას, ნახეთ, რამდენ უბედურებას ვიტან, მე წამების ჭეშმარიტი გმირი ვარო.

 

აქ უნდა აღვნიშნოთ ის საკვირველი მოვლენა, რომ ადამიანის სული ხშირად პოულობს რაღაც უცნაურ სიამოვნებას თავად მწუხარებაში, რომ ადამიანის სულს სიამოვნებს მსუბუქი სევდა, აზრთა დარდიანი განწყობილება. სხვაგვარად ვერ ავხსნით იმ ფაქტს, რომ ჩვენ სიამოვნებით ვუსმენთ ნაღვლიან მუსიკას, ნაღვლიან სიმღერებს, რომ ხალხური სიმღერები ყველაზე მეტად არიან სევდით მოცულნი, მელანქოლიით განმსჭვალულნი. ხომ არ ხდება ეს იმ მიზეზით, რომ რაიმეს გრძნობა იგივე სიცოცხლეა, სული კი ბუნებრივად დაკავშირებულია სიცოცხლესთან და გრძნობებთან - როგორებიც არ უნდა იყვნენ ისინი.