მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

პირველი განყოფილება

 

ადამიანის სულის ყოფიერების,
თვისებების და მოქმედებების შესახებ

 

თავი მეოთხე

 

სულიერი მდგომარეობების შესახებ

 

ა) სულის სასიამოვნო და უსიამოვნო მდგომარეობათა შესახებ

 

§98. სიხარული და მწუხარება

 

სიხარული ის სიამოვნებაა, ან საამო შეგრძნებაა, რომელიც იბადება ჩვენში ან იმაზე ფიქრისას, რომ ჩვენ ვფლობთ რაღაც სასურველ სიკეთეს, ანდა რაიმე მისწრაფების, ზოგჯერ კი ბუნებრივი საჭიროების, თუ ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებისას. სიხარულის განცდა ზოგჯერ წინ უსწრებს სასურველი სიკეთის ნამდვილად ფლობას ან ჩვევის დაკმაყოფილებას, ის იბადება მხოლოდ იმ იმედით, რომ ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ ის სიკეთე, რომლისკენაც მივისწრაფვით. მაგალითად, ავადმყოფ ადამიანს ახარებს მარტო იმედიც კი იმისა, რომ მალე გამოჯანმრთელდება. ადამიანს, რომელსაც რაიმე დოვლათის შეძენის მიზნით თავისი ყველა ძალა დაუძაბავს, ახარებს უკვე ფიქრი იმაზე, რომ მალე მიაღწევს თავის მიზანს. ადამიანის გულის უცნაური ახირების გამო, ბევრი უფრო მძლავრად განიცდის სიხარულს რაიმე სიკეთის მიღებამდე - უკვე ფიქრის გამო, რომ მიზანთან ახლოს არის, - ვიდრე ამ სიკეთის მიღების შემდეგ. ხშირად თავის განზრახვათა მიზანთან მისვლისას ბევრს უკვე გული უტყდება, ანდა, ყოველ შემთხვევაში, ნაკლები კმაყოფილების გრძნობა ეუფლება. ამის მიზეზი, ალბათ წარმოსახვაა, რომელიც მეტ სიამოვნებას გვპირდებ, ვიდრე სინამდვილეში შეიძლება მივიღოთ, და ბადებს გაზვიადებულ იმედებს, ყოველთვის რომ ვერ აღსრულდება.

 

სიხარულის უმაღლეს ხარისხს აღტაცება ეწოდება. აღტაცება დაძაბული მდგომარეობაა, რომელშიც ადამიანი დიდხანს ვერ დარჩება და რომელიც ხშირად იწვევს მეორე უკიდურესობას, ე.ი. სევდიან გუნებას. ყოველი ადამიანი ერთნაირად როდია განწყობილი სიხარულისა და აღტაცების მიმართ: არიან ადამიანები, რომელთაც არ შეუძლიათ მოვიდნენ აღტაცებულ მდგომარეობაში. და პირიქით, არიან ადამიანები, რომლებშიც ყველაფერი აღტაცებას იწვევს.

 

სიხარულის გრძნობა არ უნდა აგვერიოს მხიარულებასთან. მხიარულება უფრო მეტად ახასიათებს ზნეს და ნიშნავს რაღაც მუდმივ მისწრაფებას სულის კეთილგანწყობილების გამოვლენისაკენ. ეს მისწრაფება, თუკი მოჩვენებითი კი არ არის, არამედ ჭეშმარიტია, შედეგია შინაგანი კმაყოფილებისა, სულიერი სიმშვიდისა.

 

სიხარულის საპირისპირო გრძნობას მწუხარება ეწოდება. ის სულში წარმოიშობა იმ სიკეთეზე ფიქრისას, რომელიც ჩვენ ან დავკარგეთ, ანდა ვერ მივიღეთ, მიუხედავად ჩვენი ყველა ცდისა. სევდა მით უფრო ძლიერია, რაც უფრო მეტად მოგვაგონებს წარმოსახვა დაკარგულ სიკეთეს ანდა გვიხატავს იმ სიამოვნებათა სურათს, რომლებიც შეეძლო მოეტანა ამა თუ იმ სიკეთეს. ასეთია, მაგალითად, მდგომარეობა დედისა, რომელიც დასტირის თავის გარდაცვლილ ვაჟს. წარმოსახვა წამდაუწუმ უხატავს მას განსვენებულის ნიშან-თვისებებს: დედა იგონებს შვილის ჩვევებს, ჭკუას, ყველაფერს, რაც დედისათვის ესოდენ ძვირფასი იყო, რაშიც ესოდენ დიდ სიამოვნებას პოულობდა, და ყოველივე ეს მისი მწუხარების მიზეზია. ამიტომ იმან, ვისაც სურს ნუგეში სცეს მწუხარე ადამიანს, უნდა გაართოს იგი. ე.ი. აიძულოს იგი, არ იფიქროს თავის მწუხარებაზე, ჩამოაცილოს მას ყველაფერი, რაც მწუხარების საგანს მოაგონებდა. სწორედ ამიტომაა, რომ გულის ჭრილობებს დრო უკეთ არჩენს, ვიდრე სიტყვიერი ნუგეშისცემა.

 

მაგრამ ჩვენ ხშირად სხვისი ჭირ-ვარამის ხილვისასაც გვეუფლება მწუხარება. დარდის უკვე გახსენებაც კი ჩვენში მწუხარებას ბადებს; მაგრამ მოყვასის დარდის დანახვა, განსაკუთრებით კი ახლობლის ტანჯვის ხილვა, ჩვენში ძლიერ წუხილს აღძრავს. ამ შემთხვევაში ჩვენი მწუხარება არის მოყვასის ტანჯვის თანაგრძნობა. ვინც დაკვირვებია თავისი სულის მდგომარეობას, როცა ის თანალმობას განიცდის, იმას შეეძლო შეემჩნია, რომ ადამიანი ამ დროს თავის თავს თითქოს ტანჯულის ადგილზე სვამს, წარმოისახავს, როგორ დაიტანჯებოდა თავად ამგვარ მდგომარეობაში რომ ყოფილიყო, მოკლედ, თავის თავში აღძრავს იმ გრძნობას, რომელიც აქვს ტანჯულს. აი, რატომაა რომ ზოგიერთი სუსტი ნერვების მქონე ადამიანი ვერ იტანს სხვათა ტანჯვის ხილვას. ისინი თითქოსდა თვითონ განიცდიან იმ დროს იმ წამებას, რომელსაც ხედავენ.

 

როგორც ჩანს, ადამიანთა ენაზე არსებობს მრავალი სიტყვა, მწუხარების სხვადასხვა სახის გამოსახატავად, მაშინ როდესაც მწუხარების საპირისპირო გრძნობებს აქვს მხოლოდ ერთი სახელწოდება - სიხარული. ეს ხდება იმიტომ, რომ ადამიანთა ცხოვრებაში გაცილებით მეტი მწუხარებაა, ვიდრე სიხარული, ანდა იმიტომ, რომ ყოველივე უსიამოვნოს ჩვენ ვგრძნობთ უფრო ღრმად და ვიმახსოვრებთ უფრო დიდხანს, სიხარულს კი მალე ვივიწყებთ.

 

მწუხარების უმცირესი ხარისხი აღინიშნება სიტყვით წყენა, მოწყენილობა. სიტყვა ჯავრი აღნიშნავს ზოგჯერ მწუხარების სუსტ სახეს, ზოგჯერ კი მწუხარებას, რომელიც შეერთებულია მეორე არასასიამოვნო გრძნობასთან - მრისხანებასთან. დარდი ზოგჯერ გამოხატავს მწუხარების უმაღლეს ხარისხს, ზოგჯერ კი მოიხმარება სიტყვის „მწუხარების" სავსებით ტოლმნიშვნელოვნად. მწუხარების უმაღლეს ხარისხს ასევე გულგატეხილობას უწოდებენ. ის უკავშირდება ენერგიის დაკარგვას. თუმცა ზოგადად რომ ვთქვათ, ამ სიტყვებს ძნელია მივცეთ ზუსტი და გარკვეული მნიშვნელობა, რადგან გრძნობა ყოველთვის ძნელია გამოიხატოს სიტყვებით. როდესაც, მაგალითად, მე ვამბობ „ჯავრი", იმას, თუ რა მსურს გამოვხატო ამ სიტყვებით, ყველა საკუთარი გამოცდილებით უფრო მიხვდება, ვიდრე ჩემი მცდელობით, ავხსნა ეს გრძნობა სხვა სიტყვებით.