მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

პირველი განყოფილება

 

ადამიანის სულის ყოფიერების,
თვისებების და მოქმედებების შესახებ

 

თავი მეოთხე

 

სულიერი მდგომარეობების შესახებ

 

ა) სულის სასიამოვნო და უსიამოვნო მდგომარეობათა შესახებ

 

§97. სასიამოვნოსა და უსიამოვნოს შესახებ საერთოდ

 

სულიერი მდგომარეობები ანუ კმაყოფილებისა და უკმაყოფილების გრძნობები სულში შემთხვევით კი არ არსებობენ, არამედ თავისი მიზეზები და თავისი მყარი კანონები აქვთ.

 

ზემოთ ნათქვამიდან ნათელი ხდება, რომ ადამიანისათვის სასიამოვნოა ის, რაც აკმაყოფილებს თვითშენახვის გრძნობას ანდა, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანის ბუნებრივ მოთხოვნილებებს, ხოლო არასასიამოვნოა ამის საპირისპირო. ამის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სასიამოვნო და უსიამოვნო ცხოვრებაში ბევრი არ უნდა ყოფილიყო, რადგან ბუნებრივი მოთხოვნილებები ადამიანს, კაცმა რომ თქვას, ძალზე ცოტა აქვს. შემოქმედმა მისცა ადამიანს ბუნება, რომლის მოთხოვნილებებიც ძალზე ადვილად შეიძლება დაკმაყოფილდეს. საუბედუროდ, ადამიანი ისე დაშორდა ბუნებრივ ცხოვრებას, რომ გაუჩნდა ათასი თუმცა ხელოვნური, მაგრამ არანაკლებ მწვავე მოთხოვნილება. განა ბევრი ესაჭიროება ადამიანს იმისათვის, რომ შეიმოსოს, მაგრამ რამდენი ტანსაცმელია მოგონილი, რომლის უქონლობა ადამიანში გასაჭირის განცდას ბადებს. დანაყრებისათვის საკმარისია პურისა და ხორცის ნაჭერი. მაგრამ რამდენი სხვადასხვა კერძია მოგონილი, რომელნიც, როცა ვეჩვევით, ჩვენთვის აუცილებლობად გადაიქცევიან. იმისათვის, რომ მოვიკლათ წყურვილი, ბუნებამ მოგვცა შესანიშნავი, მზა სასმელი. მაგრამ ადამიანებმა მოიგონეს ამისათვის ათასი სხვა საშუალება, რომელთა უქონლობა ბევრისათვის უბედურებაა, ხოლო შეძენა -  მრავალი სიამოვნების წყარო. აქედანაა სწორედ წარმოშობილი სასიამოვნოსა და უსიამოვნოს ესოდენი სიმრავლე ადამიანის ცხოვრებაში; იმის მოკლება, რასაც ადამიანი აგრერიგად მიეჩვია, უსიამოვნების წყაროა, მათზე წარმოდგენა კი ადამიანში ბადებს სასიამოვნო გრძნობებს. აქედან ცხადია, რაც უფრო სადად ცხოვრობს ადამიანი, რაც უფრო მეტად იზღუდავს თავის მოთხოვნილებებს, მით უფრო ბედნიერია ის. დაე, ამტკიცონ პოლიტეკონომიის წარმომადგენლება, ფუფუნების ზრდა და მოთხოვნილებათა გაფართოება ხელს უწყობს ვაჭრობას და საერთო კეთილდღეობასო! ფსიქოლოგს, რომელიც სწავლობს ადამიანის სულს, კარგად ესმის - რაც უფრო მეტი აქვს ადამიანს მოთხოვნილებები და ჩვევები, მით უფრო უბედურია ის, კიდეც რომ შეეძლოს ყველა თავისი მოთხოვნილების ადვილად დაკმაყოფილება.