|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი მეოთხე
სულიერი მდგომარეობების შესახებ
ა) სულის სასიამოვნო და უსიამოვნო მდგომარეობათა შესახებ
§96. ყველა სულიერი მდგომარეობის საერთო წყარო
სულიერი მდგომარეობები ანუ კმაყოფილებისა და უკმაყოფილების გრძნობები სულში შემთხვევით კი არ არსებობენ,
არამედ თავისი მიზეზები და თავისი მყარი კანონები აქვთ.
წყარო, საიდანაც ისინი მომდინარეობენ, მუდამ ერთი და იგივეა, ხოლო მიზეზი,
რომელიც მათ ხელს უწყობს, აძლიერებს ან ასუსტებს, მუდამ მჭიდრო კავშირშია ადამიანის
თავად ბუნებასთან. ეს წყარო არის ყველა ადამიანისათვის საერთო წყარო თვითშენახვის,
ანდა, თუ გნებავთ, საკუთარი თავის სიყვარულისა; ბუნებრივია, რომ ადამიანს უყვარს
საკუთარი თავი და ზრუნავს თვითშენახვაზე. ამ გრძნობის გარეშე ადამიანი არ იქნებოდა
ადამიანი და ამიტომ ასევე ბუნებრივია, რომ ადამიანს მოსწონს ყველაფერი, რაც მის
თვითშენახვას უწყობს ხელს, ხოლო უკმაყოფილებას აღუძრავს ყველაფერი, რაც ხელს უშლის
ამ გრძნობას და ეწინააღმდეგება მის სიცოცხლეს.
|
|