|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი მეოთხე
სულიერი მდგომარეობების შესახებ
§95. თავის შინაარსი, მისა კავშირი წინარე შინაარსთან და დაყოფა
ჩვენ წარმოდგენებს აქვს ორი მხარე: ისინი, ჯერ ერთი, ჩვენი
მსჯელობების, დასკვნებისა და, საერთოდ, მთელი აზროვნების საფუძველია, მეორე, მათ
უმრავლესობას, თუმცაღა არა ყველას, თან ახლავს სიამოვნების ან უსიამიავნების
გრძნობა; მაშასადამე, ისინი სულიერ მდგომარეობათა ანუ გულის გრძნობების წყაროა.
მათი პირველი მხარე ჩვენ ვაჩვენეთ პირველ თავში, სადაც ვცდილობდით აგვეხსნა, როგორ
წარმოიშობა მათგან მთელი ჩვენი ცოდნა. აქ კი ჩვენ შევეცდებით აღვწერით ის
გრძნობები, რომლებსაც ისინი წარმოშობენ ჩვენში სხვადასხვა შემთხვევაში. ეს
გრძნობები ბავშვის შინაგან ცხოვრებას წარმოადგენენ და ცოდნისგან იმით
განსხვავდებიან, რომ ისინი სულმი ისე გარკვეულად არ მიმდინარეობენ, ე.ი. ჩვენ
ხშირად არ შეგვიძლია გავიგოთ მისი წარმომშობი მიზეზი და არ ძალგვიძს მათი
ერთმანეთისაგან განსხვავება. ამავე დროს, რაც უფრო ღრმა და მძაფრია ისინი, მით
უფრო ბნელი და შეუცნობელია მათი ხასიათი, მაშინ როდესაც ჩვენი ცოდნა, რაც უფრო
მაღალია, მით უფრო ღრმა და ცნობიერია. ამიტომ სულიერ მდგომარეობათა, ანუ
გრძნობათა, ანალიზი უფრო რთულია, ვიდრე ცოდნის ანალიზი.
ზუსტად ასეთი კავშირი აქვთ წარმოდგენებთან ადამიანის ვნებებს, რადგან ვნებები
უძლიერესი სურვილებია. ხოლო სურვილები, როგორც ავხსენით მე-2 თავში, შემეცნებითი
უნარების მოქმედებებია. ისინი წარმოიშობიან იმ სიამოვნებათა წარმოდგენიდან,
რომლებიც მოგველის ჩვენ სხვადასხვა შემთხვევაში. ამიტომ დავყოფთ რა ამ თავს სამ
ნაწილად, პირველში გადმოვცემთ სულის ყველა სასიამოვნო და უსიამოვნო გრძნობათა
ცნებას; მეორეში - განვიხილავთ ვნებებს, როგორც სულიერ მოვლენათა განსაკუთრებულ
სახეს, მესამეში კი გავაკეთებთ ზოგიერთ დასკვნას და შენიშვნას.
|
|