მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

პირველი განყოფილება

 

ადამიანის სულის ყოფიერების,
თვისებების და მოქმედებების შესახებ

 

თავი მესამე

 

გ) აზროვნების ძირითადი კანონების შესახებ ანუ ლოგიკის ფსიქოლოგიური საფუძვლები

 

§94. სწორი აზროვნების უმაღლესი კანონის შესახებ

 

უმაღლესი ლოგიკური კანონი, რომლითაც უნდა შემოწმდეს ყოველი მსჯელობის ჭეშმარიტობა, რომლის საფუძველზეც მტკიცდება ძალა ყოველი იგივეობრივი მსჯელობისაც კი, არის წინააღმდეგობის კანონი. მისი უმარტივესი ფორმულა შემდეგია: ერთდროულად ერთსა და იმავე საგანზე არ შეიძლება რაიმეს მტკიცებაც და უარყოფაც; ანდა: არ შეიძლება ვთქვათ „ჰოც" და „არაც" ერთდროულად, ერთსა და იმავე ნივთზე; ანდა: არ შეიძლება ვთქვათ, რომ a არ არის a. ის, თუ რატომ მიიჩნევს ჩვენი გონება ამ წესს ურყევად, თავისთავად გასაგებია, ამ კანონის ახსნისათვის სრულიადაც არ არის საჭირო დავუშვათ წინასწარ სულში არსებული რაიმე ფორმები. ეს კანონი სხვადასხვა ფორმითა და სახით ფართოდ გამოიყენება როგორც მათემატიკაში, ისევე აზროვნებაში. რაიმე აზრთა უარყოფის მიზნით ჩვეულებრივ ცდილობენ იპოვონ მათში წინააღმდეგობა საკუთარ თავთან, ანდა, ყოველ შემთხვევაში, წინააღმდეგობა სხვა დამტკიცებულ ცხად ჭეშმარიტებებთან. მათემატიკაში კი რომელიმე მსჯელობის მცდარობის დამტკიცებისათვის ცდილობენ მიიყვანონ ის აბსურდამდე. ამავე დროს კიდევ უნდა აღინიშნოს, რომ აზროვნების ყველა ლოგიკური, ე.წ. ზოგადი კანონი წინააღმდეგობის კანონის სახესხვაობაა. განვიხილოთ თუნდაც იგივეობის კანონი. რატომ მიგვაჩნია აქსიომად დებულება „a=a" , „ყოველი სიდიდე ტოლია თავისი თავისა?" რადგან სხვაგვარად გააზრება აშკარად წინააღმდეგობა იქნება, რადგან არ შეიძლება ვამტკიცოთ, რომ a არის და არ არის a. მეორე ლოგიკური კანონი - მესამე გამორიცხულისა - ასევე წინააღმდეგობის პრინციპის სახესხვაობაა, რადგან „საგანზე გვმართებს ვამტკიცოთ ან „ჰო" ან „არა", მესამე მტკიცება დაუშვებელია, ის საწინააღმდეგო იქნება. ამრიგად, ლოგიკური საყოველთაო პრინციპი აზროვნების შემოწმებისათვის მხოლოდ ერთია, კერძოდ - ის არის წინააღმდეგობის კანონი.