|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი მესამე
გ) აზროვნების ძირითადი კანონების შესახებ ანუ ლოგიკის ფსიქოლოგიური საფუძვლები
§92. რა მეთოდით იძენს სული ცოდნას?
ისევე, როგორც არ არსებობს სინთეზური მსჯელობა, არ არსებობს არც სინთეზური მეთოდი. ერთადერთი მეთოდი, რომელიც შეგვასწავლა
ბუნებამ სიცოცხლის პირველი დღეებიდან, რომლითაც ვიძენთ, ვაფართოებთ და ვამოწმებთ
მთელ ჩვენს ცოდნას, არის ანალიზი. ამ აზრს ამტკიცებს ზუსტ საბუნებისმეტყველო და
მათემატიკურ მეცნიერებათა წარმოშობისა და მიღწევათა მთელი ისტორია - ეს
მეცნიერებები თავის ყველა მიღწევას მკაცრ ანალიზს უმადლის. ამ აზრს ამტკიცებს ნებისმიერი საგნის
შესწავლის მიზნით შესრულებული ყოველი მოქმედება. სურს ბოტანიკოსს შეისწავლოს
რომელიმე მცენარე? ის აანალიზებს ამ მცენარეს, განიხილავს მის ყველა თვისებას,
პოულობს მასში იმ ნიშნებს, რომელთა მიხედვითაც ეს მცენარე უნდა ეკუთვნოდეს ამა თუ
იმ ოჯახს. სურს მექანიკოსს თავისთვის ნათელი გახადოს რომელიმე მანქანის აგებულება?
მან უნდა მიაქციოს ყურადღება ყოველ ბორბალს, ზამბარას, უნდა გაიგოს მანქანის ყოველი
ნაწილის მოქმედება და ურთიერთდამოკიდებულება, მოკლედ, უნდა გააანალიზოს მანქანა.
როცა ლოგიკოსს სურს შეისწავლოს რომელიმე ცნება, მან უნდა გაიგოს რა ნიშნების, თვისებების
და წარმოდგენების საფუძველზე ჩამოყალიბდა გონებამი ეს ცნება. განსაკუთრებით კი
მათემატიკის ყველა უდიდესი მიღწევა უმადლის მრავალი დიადი გონების ანალიზურ მეთოდს.
მაგრამ აბა გვანახეთ თუნდაც ერთი აღმოჩენა, თუნდაც ერთი მიღწევა, ერთი ნაბიჯი,
გადადგმული წინ რომელიმე მეცნიერის მიერ, სინთეზის დახმარებით! მასზე კი
ლაპარაკობენ დიდმნიშვნელოვნად, როგორც ადამიანის გონების უდიდეს მოქმედებაზე.
იტყვიან, რაიმე შესასწავლი საგნის, მაგალითად, მანქანის ან აზრისეული ცნების დაშლის
შემდეგ საჭიროა მისი შეერთება, თორემ შესწავლა სრული არ იქნებაო: ჩვენ გვეცოდინება
ყველა ნაწილი, მაგრამ რა წარმოიშობა მათგან მთლიანობაში ჩვენთვის ცნობილი არ
იქნებაო. ამაზე ასე ვპასუხობთ: ანალიზი საჭიროა მანქანის ან აზრისეული ცნების
შესასწავლად, სინთეზი კი საჭირო არ არის, რადგან მანქანა უკვე მზადაა, ცნება უკვე
ჩამოყალიბებულია. ისინი უნდა შევისწავლოთ მხოლოდ, ამ მიზნით კი - გავაანალიზოთ.
საერთოდ ყველა საგანი, შესწავლის მიმართ რაღაც მზას, მოცემულს წარმოადგენს. უფრო
მეტიც, ადამიანი მანამ შეადგენს ან ააგებს მანქანას, უკვე აწარმოებს მანქანის ყველა
ნაწილის აზრისეულ ანალიზს. ის უკვე მოიაზრებს და განსაზღვრავს მანქანის ყველა
ბორბალს და ზამბარას. მაშასადამე, მანქანის თავად აგებას წინ უსწრებდა მანქანის
ანალიზი. სხვაგვარად მანქანა არ იარსებებდა. იგივე ითქმის მთლიანად ბუნებაზე.
შემოქმედმა უკვე ააგო ეს საოცარი მანქანა ყველა თავისი ნაწილით. მან უკვე გააკეთა
სინთეზი. ჩვეხ ანალიზის გაკეთებაღა დაგვრჩენია.
|
|