მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

პირველი განყოფილება

 

ადამიანის სულის ყოფიერების,
თვისებების და მოქმედებების შესახებ

 

თავი მესამე

 

გ) აზროვნების ძირითადი კანონების შესახებ ანუ ლოგიკის ფსიქოლოგიური საფუძვლები

 

§91. შეიძლება თუ არა მათემატიკურ მსჯელობას სინთეზური ვუწოდოთ?

 

კანტი, მის კვალდაკვალ კი ბევრი მისი მიმდევარი, მათემატიკურ მსჯელობებს მიიჩნევდა ისეთ მსჯელობებად, რომლებიც შეიცავენ სინთეზს, და ამიტომ უნდა იწოდებოდნენ სინთეზურად. ამის დასადასტურებლად კანტს მოჰყავს შემდეგი მსჯელობა: „7+5-12" . „ყოველ ანალიზურ მსჯელობაში - ამბობს ის, - შემასმენელი იაზრება (შესულია) თავად ქვემდებარეში. მაგრამ აქ შემასმენელ 12-ს არ შეიცავს არც 7 და არც 5. მაშასადამე, მსჯელობა „7+5-12" არის სინთეზური". მაგრამ აქ კანტმა ყურადღება არ მიაქცია ერთ მცირე გარემოებას, კერძოდ იმას, რომ ამ მსჯელობის ქვემდებარე, სწორად თუ ვიმსჯელებთ, არ არის არც 7 და არც 5. ქვემდებარეა ნიშანი +, მაგრამ სწორედ ეს ნიშანი შეიცავს შემასმენელ 12-ს. თუ ამ მათემატიკურ წინადადებას გამოვხატავთ სიტყვებით, ის შემდეგ ფორმას მიღებს: „შეერთება (შეკრება) 7-სა და 5-სა არის 12. მაშასადამე, ქვემდებარეს აქ შეიცავს სიტყვა „შეერთება," „შეკრება". საერთოდ, აღსანიშნავია, რომ კანტი ვერასოდეს ვერ პოულობდა მარჯვე მაგალითებს, რომლებიც გაამართლებდნენ სინთეზური და აპრიორული მსჯელობების მისეულ თეორიას. ასევე უხეიროა სინთეზური მსჯელობების განსაზღვრებები და მაგალითები, რომლებსაც ლოგიკისა და ფსიქოლოგიის წიგნებში ვხვდებით. შესანიშნავ „ლოგიკაში", რომელიც ცოტა ხნის წინ გამოსცა სწავლულმა პროფესორმა კარპოვმა, სინთეზური მსჯელობა ასეთი სიტყვებით განისაზღვრება: „სინთეზურია მსჯელობა, რომელმიც შემასმენელი გამოყვანილია არა მსჯელობის ქვემდებარის ადგილზე მყოფი ცნებიდან, არამედ შეყვანილია ცნებაში, როგორც მისი კუთვნილი ერთ-ერთი ზოგადი ნიშნის შემოსაზღვრა". ამ განსაზღვრებაში ვპოულობთ შემდეგ შეუსაბამობას: 1. შემასმენლის შეყვანა ქვემდებარის ცნებაში ნიშნავს გაიგივებას; 2. განსაზღვრებაში ნათქვამია, რომ სინთეზურ მსჯელობაში შემასმენელი გამოყვანილია არა ქვემდებარიდან, ამავე დროს კი შემასმენელი არის ქვემდებარის „კუთვნილი ერთ-ერთი ზოგადი ნიშნის შემოსაზღვრა". მაგრამ თუკი შემასმენელი არის ქვემდებარის კუთვნილი ერთ-ერთი ზოგადი ნიშნის შემოსაზღვრა, მაშინ ქვემდებარე აუცილებლად უნდა შეიცავდეს შემასმენელს, რადგან ყოველი ნიშანი, როგორც ზოგადი, ისევე კერძო, ყოველთვის მოცემულია იმაში, რისი ნიშანიცაა ის.

 

სინთეზური მსჯელობების მაგალითები, რომელიც მოჰყავს ბატონ პროფესორ კარპოვს, არაფრით არ განსხვავდებიან ანალიზურისაგან. ისინი ასეთებია: „ეს ხე ცაცხვია", „ეს ქაღალდი თეთრია" და სხვ. თუ მათ მიუკერძოებლად გავარჩევთ, ისინი სავსებით ანალიზური აღმოჩნდება. ცაცხვი არის კერძო სახე ზოგადი ცნებისა „ხე". როცა მე, რაღაც საგნის ხილვისას, ვამბობ: „ეს ხე ცაცხვია", ცხადია, ამ საგანში ვპოულობ იმ ნიშნებს, რომლებიც ხეს ეკუთვნის. სხვა შემთხვევაში მას ხეს ვერ ვუწოდებდი. მაშასადამე, ცაცხვი როგორც კერძო ცნება, შედის ზოგად ცნებაში - „ხე". წინადადებაში „ეს ქაღალდი თეთრია" სითეთრის ცნება აუცილებლობით შედის ქაღალდის ცნებაში, რადგან ამ ცნებაში აუცილებლობით შედის რომელიმე ფერის ცნება, - ხომ შეუძლებელია წარმოვიდგინოთ ქაღალდი ფერის გარეშე - ამდენად კი აგრეთვე ნიშანი სითეთრისა, რომელიც ფერის კერძო სახეა.

 

მოკლედ, გულწრფელად რომ გვსურდეს და ვეძიებდეთ სინთეზური მსჯელობების ნამდვილ და მართებულ საფუძვლებს და მაგალითებს, ჩვენ მიუკერძოებლად და ამოჩემების გარეშე ენდა ვთქვათ, რომ ამგვარი მსჯელობები არ არსებობენ და არც შეიძლება არსებობდნენ.