|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი მესამე
გ) აზროვნების ძირითადი კანონების შესახებ ანუ ლოგიკის ფსიქოლოგიური საფუძვლები
§90. როგორ სურდათ განესხვავებინათ მსჯელობები?
ზოგიერთს სურდა სხვაგვარი განსხვავება ეპოვა სინთეზურ და ანალიზურ მსჯელობებს შორის, - განსხვავება, რომელიც უფრო მეტად ეყრდნობა თავად სიტყვების - „სინთეზი" და „ანალიზი" - მნიშვნელობას. პირველი ნიშნავს შეკავშირებას, შედგენას, მეორე - დანაწევრებას. ამიტომ ფიქრობდნენ, რომ ანალიზი სულის ის მოქმედებაა, როცა სული ანაწევრებს თავის წარმოდგენებს, პოულობს მათში ყველაფერს, რასაც ისინი შეიცავენ. და პირიქით, სინთეზს ან სინთეზურ მსჯელობას უწოდებენ სულის საპირისპირო მოქმედებას, როცა სული აერთიანებს, ადარებს ერთმანეთს თავის წარმოდგენებს, ანდა სხვადასხვა წარმოდგენებიდან ერთ ცნებას ადგენს. მაგრამ ეს ახალი ახსნაც არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ სინთეზური მსჯელობები მივიჩნიოთ განსხვავებულ და დამოუკიდებელ მსჯელობებად, რადგან შედარება, დანაწევრება და გაერთიანება არის სულის ან განსჯის ერთი განუყოფელი მიქმედება. სული არასოდეს არ ანაწევრებს თავის წარმოდგენას იმის გარეშე, რომ უმალ არ იგრძნოს მისი მსგავსება ან განსხვავება ამ წარმოდგენასა და სხვა წარმოდგენებს შორის. იმისათვის, რომ ვიპოვოთ ყველაფერი, რასაც შეიცავს გარკვეული წარმოდგენა, საჭიროა მისი დანაწევრება. და პირიქით, როცა ვაერთებთ ან სინთეზურად ვაკავშირებთ გაუანალიზებელ წარმოდგენებს, ჩვენ არაფრის წარმოდგენა არ ძალგვიძს, ე.ი. მათგან არც ერთი მსჯელობის შედგენა არ შეგვიძლია.
|
|