|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი მესამე
გ) აზროვნების ძირითადი კანონების შესახებ ანუ ლოგიკის ფსიქოლოგიური საფუძვლები
§89. არის თუ არა განსხვავება სინთეზურსა და ანალიზურ მსჯელობათა შორის?
როცა მსჯელობათა არსებაზე ვლაპარაკობდით, ჩვენ დავამტკიცეთ. რომ ყოველი მსჯელობა არის
თითქოსდა ანალიზი წარმოდგენისა საგნის შესახებ, რადგან ყოველ მსჯელობაში სუბიექტს
მიეწერება მხოლოდ ის რასაც შეიცავს ჩვენი წარმოდგენა ამ სუბიექტისა და რაც აშკარავდება ამ წარმოდგენის ანალიზის შედეგად.
მაგრამ ცნობილია, რომ კანტმა გამოიგონა მსჯელობათა ახალი სახე, კერძოდ სინთეზური მსჯელობები. ამიტომ ჩვენ უნდა გავამართლოთ
ჩვენი შეხედულება. კანტი ასე განასხვავებს სინთეზურსა და ანალიზურ მსჯელობებს. „ყველა
მსჯელობაში, რომელშიც წარმოდგენილია სუბიექტის მიმართება პრედიკატთან, ეს მიმართება
ორი სახისა შეიძლება იყოს: ან პრედიკატი b ეკუოვნის სუbექტ a-ს, როგორც ისეთი რამ, რაც
სუბექტში მოცემულია (ფარული სახით), ანდა b სავსებით უცხოა a ცნების მიმართ, თუმცა
მასთან დაკავშირებულია. პირველ შემთხვევაში მსჯელობა ანალიზურია, მეორეში -
სინთეზური". მაგალითად, როცა მე ვამბობ, ყველა სხეული განფენილაო - ეს მსჯელობა
ანალიზურია, რადგან თუ სხეულს განფენილობას მივაწერთ, ამით არ გავდივართ სხეულის
ცნების გარეთ. საკმარისია გავყო ეს ცნება, ანდა ვიგრძნო მასში ის ნიშნები,
რომლებსაც ვიაზრებთ მასში და ეს მსჯელობა გაჩნდება. და პირუკუ, როცა ვამბობ ყველა
სხეული მძიმეაო, აქ შემასმენელი (ატრიბუტი) სავსებით უცხოა იმის
მიმართ, რასაც მე ჩვეულებრივ ვიაზრებ სხეულის მარტივ წარმოდგენაში. ამგვარი
პრედიკატის შეერთება სუბიექტთან წინადადებას სინთეზურად ხდის.
მაგრამ სინთეზური მსჯელობის ეს გასსაზღვრება აშკარა წინაღმდეგობას შეიცავს, ხოლო
კანტის მიერ წარმოდგენილი მაგალითი გვიჩვენებს, რომ მას თვითონ არ შეეძლო ეპოვნა
ისეთი მსჯელობა, რომლის თეორიაც პირველმა შექმნა. მისი სიტყვებით, სინთეზური
მსჯელობები ისინია, რომლებშიც შემასმენელი, შეერთებული ქვემდებარესთან, ამ
ქვემდებარისთვის სავსებით უცხო რაიმეა. მაგრამ ისეთი მსჯელობა, რომელშიც
შემასმენელი სავსებით უცხოა ქვემდებარისადმი. ე.ი. მასთან არავითარი
დამოკიდებულების მქონე არ არის, წარმოადგენს მცდარ, შეუძლებელ მსჯელობას.
შესაძლებელ, ჭეშმარიტ მსჯელობაში ქვემდებარესა და შემასმენელს შორის მუდამ უნდა
არსებობდეს ნამდვილი მიმართება, მსგავსება და იგივეობაც კი. მართალია, არსებობენ
მსჯელობები, რომლებშიაც პრედიკატი უცხოა სუბიექტისათვის, კერძოდ, უარყოფითი
მსჯელობები, მაგრამ სწორედ ამიტომ, მათში უარიყოფა პრედიკატის მიმართება
სუბიექტთან. მაგალითად, მსჯელობებში „ადამიანი არ არის უკვდავი", „დღე არ არის
უსასრულო" და სხვ. მაგრამ, ცხადია, რომ კანტი გულისხმობდა არა უარყოფით, არამედ
დადებით მსჯელობებს.
კანტის მიერ მოყვანილი მაგალითი სინთეზური მსჯელობისა ყველაზე აშკარად უარყოფს მის
თეორიას. სიმძიმის ცნება არა თუ არ არის უცხო სხეულის ცნებისათვის, არამედ ამ
უკანასკნელის ერთ-ერთი განუყრელი თვისებაა. არავის არ წარმოუდგენია ფიზიკური
სხეული, მაგალითად, ქვა, სიმძიმის გარეშე. პირიქით, ყოველი ფიზიკური სხეულის
წარმოდგენისას უფრო მალე შეიძლება დაგვავიწყდეს განფენილობა, ვიდრე სიმძიმე, რადგან
განფენილობა არის თვისება, თუ შეიძლება ასე ითქვას, მეცნიერული, ძნელად გასაგები,
სიმძიმე კი გრძნობადად უფრო გასაგებია და თვალში გეცემათ ყველაზე უწინ. კითხეთ
ნებისმიერ უბრალო ადამიანს, რა თვისებას ამჩნევს იგი ქვაში? უწინარეს ყოვლისა, ის
მიგითითებთ სიმძიმეზე, ხოლო განფენილობაზე არაფერს გეტყვით, რადგან ეს თვისება მისი
გონებისათვის ნაკლებ გასაგებია. მაშასადამე, უაღრესად მცდარია აზრი, რომ წინადადებაში: „სხეულს აქვს სიმძიმე" პრედიკატი b (სიმძიმე)
უცხო იყოს სუბექტ a-სთვის (სხეულისათვის) [12]. გულახდილად უნდა ვაღიარო, რომ კანტის
ამგვარი მიუტევებელი შეცდომები მცირე გაოცებას როდი აღძრავენ ჩემში, მაგრამ როცა
შემდეგ ვკითხულობ, რომ მას მთელი თავისი „წმინდა გონების კრიტიკა" სურს ააგოს
სწორედ ამ სინთეზური მსჯელობებით, საგონებელში ვვარდები, რადგან ვერ გამიგია,
როგორ შეიძლება დაეფუძნოს მთელი სისტემა არარსებულ და შეუძლებელ მსჯელობებს.
|
|