|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი მესამე
გ) აზროვნების ძირითადი კანონების შესახებ ანუ ლოგიკის ფსიქოლოგიური საფუძვლები
§87. საიდან მომდინარეობს ზოგიერთი მსჯელობის საყოველთაობა და აუცილებლობა
თუ ჩვენ ყურდღებით დავაკვირდებით მიზეზს, რომლის ძალითაც ზემოთ მოყვანილი მსჯელობები
და მრავალი სხვა შეიცავენ საყოველთაობასა და აუცილებლობას, ადვილად დავინახავთ, რომ
ეს ხდება მხოლოდ ენის თვისების გამო. სიტყვა „თოვლი" თავის თავში აუცილებლობით
შეიცავს სითეთრის თვისებას, რადგან ადამიანები თითქოსდა შეუთანხმდნენ ერთმანეთს,
თოვლის სახელწოდება მისცენ ისეთ ნივთიერებას, რომელსაც სხვა თვისებებთან ერთად
აუცილებლად ახასიათებს სითეთრე, ისე რომ არც ერთი არათეთრი ნივთი არ იქნება თოვლი.
ასევე, სიტყვა „ყინული" ეხება მხოლოდ ცივ ნივთიერებას. ეს სიტყვა თავის თავში შეიცავს
თვისებას ისე, რომ ადამიანები თითქოსდა შეუთანხმდნენ ერთმანეთს, სიტყვა „ყინული" იქნება
აღმნიშვნელი ისეთი საგნისა, რომელიც სხვა თვისებებთან ერთად უცილობლად შეიცავს
სიცივის თვისებასო. რატომ იყო საჭირო ასეთი შეთანხმება? იმიტომ, რომ სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა აზრთა ერთმანეთისთვის
გადაცემა ან ერთმანეთთან საუბარი. ხომ საჭიროა სიტყვებს მივანიჭოთ გარკვეულობა და
მივცეთ მუდმივი და უცვლელი მნიშვნელობა. ვიმეორებ, სხვაგვარად არ იარსებებდა ენა და
საუბარი, მაგრამ, რათა დავინახოთ ჩვენი მოსაზრების სიმართლე, უკეთესია გავარჩიოთ
კანტის მიერ მოყვანილი მაგალითი: ყოველი ცვლილება ხდება რაიმე მიზერით, ანდა
პირიქით, ყოველი მიზეზი იწვევს ცვლილებას. ცხადია, ამ მსჯელობების აუცილებლობა და
საყოველთაობა დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ თავად სიტყვებზე „მიზეზი" ან
„ცვლილება". რა არის მიზეზი? რომელ ნიშნებს ვუკავშირებთ ჩვენს გონებაში იმ ცნებას,
რომელიც გამოხატულია ამ სიტყვით? სიტყვა „მიზეზი" ადამიანთა ენაზე ნიშნავს სწორედ
იმას, რაც წარმოშობს მოქმედებას. ხოლო იმას, რაც წარმოშობილია მიზეზით, ჩვენ
ვუწოდებთ ცვლილებას, მოქმედებას. ჩვენი მეტყველების თვისება, აუცილებლობა იმისა,
რომ გადავცეთ ერთმანეთს გარკვეული და ზუსტი აზრები, აუცილებლობით გვაიძულებენ ჩვენ,
მივცეთ სიტყვებს ერთხელ და სამუდამოდ გარკვეული მნიშვნელობა. ამიტომ ჩვენ თითქოსდა
შევთანხმდით, ვუწოდოთ მიზეზი სწორედ იმას, რაც აუცილებლად წარმოშობს ცვლილებას,
ცვლილებას კი ვუწოდებთ სწორედ იმას, რაც წარმოიშვა რაიმე მიზეზის შედეგად. როცა
ვამბობთ, ყოველი მიზეზი ცვლილებას წარმოშობსო, ჩვენ თითქოსდა ვამბობთ: რაღაცას,
მუდამ წარმოშობილს მიზეზისაგან, მუდამ აქვს მიზეზი.
|
|