|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი მესამე
გ) აზროვნების ძირითადი კანონების შესახებ ანუ ლოგიკის ფსიქოლოგიური საფუძვლები
§86. ამ მოძღვრების განხილვა
მაშასადამე, კანტი ფიქრობს, რომ ყოველი მსჯელობა,
რომელიც შეიცავს საყოველთობასა და აუცილებლობას, ე.ი. რომელსაც აქვს ძალა
ყოველთვის და ყველგან, არის მსჯელობა a priori. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ
მაგალითად ასობით ისეთი მსჯელობა, რომელთა წარმოშობა ცდიდან არ შეიძლება საეჭვო
გახდეს და რომლებიც, ამავე დროს, სავსებით გარკვეულად შეიცავენ აღნიშნულ თვისებებს.
განვიხილოთ, მაგალითად, შემდეგი უმარტივესი მსჯელობები: „თოვლი თეთრია", „ყინული
ცივია", „წყალი არის თხევადა სხული", „სამკუთხედს აქვს სამი კუთხე", „ოთხკუთხედს
აქვს ოთხი კუთხე", „ცეცხლი წვავს" , „ქვა მძიმეა" და ათასი სხვა. ყველა ამ მსჯელობას
აქვს უდიდესი საყოველთაობა და აუცილებლობა, რადგან ვერ ვაჩვენებთ ერთ შემთხვევასაც
კი, რომელიც იქნება გამონაკლისი. წარმოდგენები თოვლზე და თეთრ ფერზე, ყინულზე და
სიცივეზე ისე მჭიდროდ არიან დაკავშირებული ჩვენს გონებაში, რომ შეუძლებელია მათი
გამოცალკევება. სამკუთხედს აქვს სამი კუთხე: ეს წინადადება შეიცავს თავის თავში
ისეთ მკაცრ საყოველთაობასა და აუცილებლობას, რომ ჩვენ სხვაგვარად აზროვნება
არც შეგვიძლია და, როგორც შემდგომ დავინახავათ, ძნელი არ იქნება გავიგოთ, თუ რა ძალით
შეიცავენ ეს წინადადებანი აღნიშნულ თვისებებს. მაგრამ ვინ იქნება ისე გულუბრყვილო, რომ
ამტკიცოს ეს და სხვა მრავალი წინადადება ცდისეული წარმოშობის არ არისო? ამრიგად
ნიშნები, რომელთა საფუძველზეც კანტი ზოგიერთი მსჯელობის აპრიორულ წარმოშობას
ამტკიცებდა, მცდარია, ე.ი. ისინი არ ამტკიცებენ მათ ამგვარ წარმოშობას. ამ ნიშანთა
საფუძველზე ადამიანის მსჯელობათა მთელი ნახევარი - აშკარად, ცდისეული - აპრიორულად
უნდა ჩაგვეთვალა.
|
|