მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

პირველი განყოფილება

 

ადამიანის სულის ყოფიერების,
თვისებების და მოქმედებების შესახებ

 

თავი მესამე

 

გ) აზროვნების ძირითადი კანონების შესახებ ანუ ლოგიკის ფსიქოლოგიური საფუძვლები

 

§85. კანტის მოძღვრება ცოდნის წარმოშობის შესახებ

 

მაგრამ ყველა ასე როდი ფიქრობს. ბევრი ამტკიცებს, რომ ადამიანს არ შეუძლია ყველაფერი ცდიდან გაიგოს, რომ მას ცდისაგან დამოუკიდებლად ეძლევა ბევრი მზა მსჯელობა. გავარჩიოთ, მაგალითად, მოძღვრება კანტისა, რომელიც სხვებზე უკეთ და ღრმად მსჯელობდა ამ საგანზე. აი, მისი საკუთარი სიტყვები: „ადამიანს აქვს გარკვეული მსჯელობები a priori (ამ სიტყვით კანტი აღნიშნავს იმ ცოდნას, რომელიც არ წარმოიშობა ცდიდან). ცდა გვიჩვენებს მხოლოდ იმას, თუ როგორი არის საგანი, მაგრამ ის არ გვეუბნება, რომ ის აუცილებლად უნდა იყოს ასე და არა სხვაგვარად. მაშასადამე, ჯერ ერთი, ყოველი წინადადება, რომელიც შეიცავს წარმოდგენას ნივთის ასე და არა სხვაგვარად არსებობის აუცილებლობის შესახებ, არის მსჯელობა a priori. მაგრამ თუკი, გარდა ამისა, ეს წინადადება არ არის წარმოებული, თუკი მას აქვს ძალა თავის თავში, მაშინ ის უპირობოდ აპრიორულია. მეორეც, ცდა არასოდეს არ აძლევა არსებითად ზოგად მსჯელობებს. მის მსჯელობებს აქვს მხოლოდ პირობითი, შეფარდებითი საყოველთაობა ინდუქციის საშუალებით (ეს კი ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ აქამდე არ შეუნიშნავთ ამ წესის გამონაკლისი). ამრიგად, მსჯელობა, რომელიც შეიცავს მკაცრ საყოველთაობას ისე, რომ არ არსებობს მისი გამონაკლისი, არ წარმოიქმნება ცდიდან, მას ძალა აქვს მხოლოდ a priori. ცდისეული საყოველთაობა კი არის მხოლოდ თვითნებური განვრცობა, რომელიც გარკვეული რაოდენობის შემთხვევათა საყოველთაობიდან ასკვნის ყველა შემთხვევის საყოველთაობაზე. მაგრამ თუკი უპირობო საყოველთაობა მიეწერება რომელიმე წინადადებას, ეს საყოველთაობა მიუთითებს განსაკუთრებულ წყაროზე, რომლისგანაც წარმოიშვა ის, ე.ი. a priori ცოდნის უნარზე".

 

„მაშ ასე, საყოველთაობა და აუცილებლობა არის a priori ცოდნის ორი ნიშანი".

 

ახლა ძნელი არა არის დავამტკიცოთ, რომ ადამიანის მსჯელობაში მართლაც არის მსჯელობები, რომლებიცაა აუცილებელი და საყოველთაო, ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით. თუ გსურთ მაგალითი მეცნიერებიდან, საკმარისი იქნება გადავავლოთ თვალი მათემატიკას . ხოლო თუ გსურთ მაგალითი ყოველდღიური ცხოვრებიდან, ასეთი იქნება პრინციპი, რომ „ყოველი ცვლილება ხდება რაიმე მიზეზით". აქ მიზეზის ცნებას ჩვენს გონებაში აქვს აუცილებელი კავშირი შედეგთან და ამ პრინციპის უმკაცრეს აუცილებლობასთან, და ეს კავშირი უმალ გაქრებოდა, თუ იმის მსგავსად ვინმე ეცდებოდა გამოეყვანა ის მოვლენებში შენიშნული ამ ორი ცნების კერძო კავშირიდან.