|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი მესამე
გ) აზროვნების ძირითადი კანონების შესახებ ანუ ლოგიკის ფსიქოლოგიური საფუძვლები
§84. საიდან იძენს ადამიანი ცოდნას?
როცა ვაკვირდებით ადამიანის სულის განვითარებას,
ჩვენთვის ცხადი ხდება, რომ ადამიანი მთელ თავის ცოდნას იძენს ან ცდის საშუალებით,
ანდა განაზრებით. ეს მტკიცდება ჯერ ერთი იმით, რომ ადამიანის სულს არა აქვს შემეცნების
სხვა საშუალებები, გარდა იმ უნარებისა, რომლებითაც ის დააჯილდოვა ღმერთმა და რომლებიც
წინა თავში აღვწერეთ: ამას უკლებლივ ყველა დაეთანხმება. არავის შეუძლია თქვას, რომ
ადამიანს მიცემული ჰქონდა რაიმე მზა ცოდნა. არც არსებობდა იმის საშუალება, რომ
მისთვის ამგვარი ცოდნა მიეცა ვისმეს, რადგან არსება, ცოდნით საკუთარი თავის
გამდიდრების ესოდენ ჩინებულ საშუალებებს რომ ფლობს, თავად შეიძენს ამ ცოდნას.
ეს მტკიცდება მეორე გარემოებითაც - ჩვილ ბავშვებზე დაკვირვებით. ვინც დაკვირვებია
ჩვილის სულის განვითარებას, მისთვის კარგად ცნობილია, რომ ბავშვს შეუძლია უკლებლივ
დაისწავლოს ყველაფერი - დედის ძუძუს წოვით დაწყებული და ურთულეს მეცნიერებებით
დამთავრებული. დაბადებისას ბავშვს აქვს სული მხოლოდ და მხოლოდ განუვითარებელი და
გამოუვლინებელი უნარებით, რომლებიც თანდათან მტკიცდებიან და თავისი განვითარების
კვალობაზე ბავშვს ყოველგვარი ცოდნით ამდიდრებენ.
|
|