|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი მესამე
გ) აზროვნების ძირითადი კანონების შესახებ ანუ ლოგიკის ფსიქოლოგიური საფუძვლები
§83. რატომ აზროვნებენ ადამიანები ერთნაირი კანონების მიხედვით?
აზროვნების არსებითი და თავდაპირველი პროცესი ყველა ადამიანში ერთნაირად სრულდება.
ეს თავისთავად გასაგებია: აზროვნება სულის მოქმედებაა, სული კი ბუნებრივად
მოქმედებს იმ წესებით, რომლებიც მას მისცა შემოქმედმა. ამ მიმართულებით სული
ემორჩილება ყველა ქმნილების საერთო კანონს. ყოველი ცაკლეული სუბსტანცია ამჟღავნებს
იმ მოვლენებს, რომლებიც შეესატყვისებიან მის არსებას და მის მიმართებას სხვა
სუბსტანციებთან. განვიხილოთ, მაგალითად, ნებისმიერი მცენარე: ის მუდმივად ასრულებს
ზრდის, განაყოფიერების, დაშლისა და მოსპობის ერთსა და იმავე პროცესს. დააკვირდით
ნებისმიერ ცხოველს: ის მოქმედებს იმ საშუალებებისა და მოთხოვნილებების შესატყვისად,
რომლებიც მას მისცა ბუნებამ. ყოველი ცხოველი თავისი ბუნების შესატყვისად ცხოვრობს:
ობობა საკვების მოსაპოვებლად ქსელს აბამს, ლომი იყენებს თავის ძალას, მელია
ეშმაკობას და ქურდობას და ა.შ. ყოველივე ეს ბუნებრავია და არ შეიძლება სხვაგვარად
იყოს. იგივე მეორდება ადამიანთან, თუმცა ამ არსებითი განსხვავებით, რომ ამ
შემთხვევაში ყოველ მოქმედებას, განსაკუთრებით კი აზროვნებას, თან ახლავს
თავისუფლებისა და ცნობიერების მაღალი ნიშნები. თუ მოკლედ გავიხსენებთ ყველაფერს, რაც
ითქვა სულიერი უნარების მოქმედების შესახებ, ჩვენ ადვილად მივხვდებით, რომ სული ასევე
სარგებლობს ღმერთის მიერ მონიჭებული საშუალებებით და იმეცნებს ამ საშუალებების
დახმარებით. შემოქმედმა დააჯილდოვა სული საუკეთესო ორგანიზმით, რომელსაც მიაქვს
სულთან გარესამყაროს მრავალგვარი შთაბეჭდილებები, სულში ასევე მრავალგვარ
შეგრძნებებს რომ აღძრავენ. სული ეჩვევა ამ შეგრძნებებს, ასე ვთქვათ, აკვირდება და
უსმენს მათ და იწყებს განსჯას, დასკვნების კეთებას, აზროვნებას. აი, აზროვნების
საოცრად მარტივი, მაგრამ ამავე დროს ყველაზე ბრძნული წესი, რომელიც შემოქმედის
მიერ აქვს ადამიანის სულს მინიჭებული. რადგან ეს წესი ყველასათვის ერთნაირია,
ცხადია, რომ ყოველი ადამიანი აზროვნების გავარჯიშების პირველ საფეხურებზე მუდამ ერთსა
და იმავე დასკვნამდე მიდის, და მხოლოდ შემდგომ, როცა ის აზროვნებისას უფრო მეტად
თვითნებობს და კერძო ზრახვებით, გარემოებებით და ლტოლვებით იწყებს ხელმძღვანლობას,
ერთი პიროვნების აზროვნებასა და სხვა პიროვნების აზროვნებას შორის ჩნდება
განსხვავება, ზოგჯერ კი წინააღმდეგობა. აი, რატომაა, რომ ყველა ადამაინის აზრებს
შორის თანხმობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ეს აზრები მათ პირველსაწყისთან
მიგვყავს. მაშასადამე, კითხვას - რა არის სულში თავდაპირველად და რა შემოდის მასში
მემდგომ, მისი განვითარების დროს? - კითხვას, რომელიც გასული საუკუნის ფილოსოფიის
ამოსავალი წერტილი იყო, ჩვენ საბოლოოდ ვპასუხობთ ამგვარად: სულში
თავდაპირველად, ე.ი. ყოფნის სულ პირველა წამიდან განვითარებამდე, არის
მხოლოდ უნარი ან შესაძლებლობა გარკვეული განვითარებისა, და სული, მისთვის მიცემული გარკვეული საშუალებებისა და
უნარების გამო, აუცილებლად უნდა აზროვნებდეს და ვითარდებოდეს ასე და არა სხვაგვარად.
|
|