|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი მესამე
ბ) იდეათა ასოციაციის შესახებ
§79. ასოციაციის მონაწილეობა აზროვნებაში
უეჭველად ყველას შეუმჩნევია, რომ ზოგჯერ დასვენებისას, როცა ჩვენი გონება დაკავებული არა არის რაიმე
განსაკუთრებული აზრით, სულში, თითქოს თავისთავად, ნებისყოფის ყოველგვარი მონაწილეობის გარეშე, წარმოიშობა
წარმოდგენებისა და აზრების მთელი რიგი. რა არ არის მაშინ თავში, რას არ
გავიხსენებთ ხოლმე, რაზე არ ვიმსჯელებთ! ერთი აზრი მოსდევს მეორეს ყოველივე ხილული
კავშირის გარეშე, წარმოდგენების ერთი რიგი წარმოშობს სხვა წარმოდგენებს და სული
ბადებს მეხსიერებიდან სხვადასხვა აზრს ისევე, როგორც მუსიკოსის თითები, უწესრიგოდ
რომ ეხებიან ფორტეპიანოს კლავიშებს, ბადებენ მისგან ბგერებს. ზოგიერთი ადამიანი
ისე ეჩვევა მხოლოდ არაცნობიერ ასოციაციაზე დაფუძნებულ აზროვნებას, რომ ძნელად
შეუძლია შეჩერდეს ერთ გარკვეულ აზრზე და იფიქროს ერთ იდეაზე. რა რიგ არ უნდა
ეცადოს მისი გონება, იფიქროს ერთ თემაზე, წარმოსახვას სხვა მიმართულებით მიჰყავს
ის. საკმარისია მან შეიმუშავოს ორი თუ სამი აზრი სასურველ საგანზე, რომ იდეათა
ასოციაციას სხვა საგნებისაკენ მიჰყავს ის! ცხადია, რომ სულის ამგვარი უუნარობა,
შეაჩეროს თავისი გონება არჩეულ საგანზე, არის ზოგიერთი მოსწავლის გაფანტულობის,
გონებაჩლუნგობისა და მიუხვედრელობის მიზეზი, - ისე ჩანს, თითქოს ისინი მუდამ რაღაც
აზრს უტრიალებენ, სინამდვილეში კი არაფერზე არ ფიქრობენ.
მაგრამ ის ასოციაცია, რომელიც წარმოიშობა აღზრდისა და ჩვევების შედეგად, ყველაზე
მეტად მოქმედებს ჩვენს აზროვნებაზე. მართლაც, ვინ არ შეხვედრია ადამიანებს, რომელთა
თავი თითქოსდა მთლიანად არაადამიანურადაა მოწყობილი, რომლებსაც აქვთ ჭკუის
თავისებური წყობა, იდეათა განსაკუთრებული და უცნაური ურთიერთკავმირი? ვინც
ბავშვობის წლებიდან მიეჩვია გარკვეული ნივთებისა და მოქმედებების პატივისცემას, მისთვის ძნელია
შეიცვალოს თავისი
შეხედულებები.
|
|