მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

პირველი განყოფილება

 

ადამიანის სულის ყოფიერების,
თვისებების და მოქმედებების შესახებ

 

თავი მესამე

 

ბ) იდეათა ასოციაციის შესახებ

 

§77. იდეათა ასოციაცია წარმოქმნის სიმპათიათა და ანტიპათიათა უდიდეს ნაწილს

 

იდეათა შემთხვევითი ასოციაცია ჩვენი სიმპათიებისა და ანტიპათიების უდიდესი ნაწილის მიზეზია. ამის მაგალითი ათასია, ამდენად, ყოველ ადამიანს, რომელიც უკვირდება საკუთარ, ან სხვათა ჩვეულებებს ან გრძნობებს, შეეძლო შეემჩნია, რომ ადამიანთა სიყვარული ან სიძულვილი სხვადასხვა საგნებისა და პიროვნებებისადმი იბადება იმიტომ, რომ ამ საგნებისა და პიროვნებების მოგონებას უკავშირდება სხვადასხვა სასიამოვნო ან უსიამოვნო წარმოდგენა. თუკი ჩვენ სადმე, მაგალითად რომელიმე სახლში გადაგვხდა უბედურება, მაშინ ამ სახლის დანახვა, ანდა, მისი მოგონება ჩვენთვის ესიამოვნოა, რადგან ამ უბედურებას გვაგონებს. თუ ჩვენ ვხედავთ რაიმე ნივთს, რომელიც საყვარელი ადამიანისაგან გვაქვს მიღებული, ის ბადებს ჩვენში ან სასიამოვნო ანდა სევდიან გრძნობებს. თუ რომელიმე ადამიანმა ჩვენ დიდად გვაწყენინა, მისი მოგონება ამ შემთხვევას გვაგონებს და გულს გვტკენს. წყნარ, მთვარიან ღამეს ზოგიერთი ნერვიული ადამიანი გრძნობს ძლიერ მიდრეკილებას მეოცნებეობისაკენ. როცა დედის გული სავსეა მწუხარებით, რომელიც საყვარელი შვილის დაკარგვამ გამოიწვია, ეს სევდა შეიძლება განკურნოს მხოლოდ დრომ, რადგან დედას მხოლოდ გარკვეული დროის გავლის შემდეგ შეუძლია თავის გონებაში დააცილოს შვილის წარმოდგენა იმ სიამოვნებას, იმ სიხარულის წარმოდგენას, შვილის ხილვას რომ ახლდა.

 

ხშირად ლაპარაკობენ რაღაც გაუგებარ სიმპათიათა და ანტიპათიაზე ადამიანთა შორის, მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი თავის წარმოშობას უნდა უმადლოდნენ სწორედ იდეათა ასოციაციას, თუმცა ჩვენ ზოგჯერ გვავიწყდება კიდეც, ზოგჯერ კი სულაც ვერ ვამჩნევთ, როგორ ჩნდება ეს ასოციაცია ჩვენში. თუ ადამიანი გრძნობს სიძულვილს გარკვეული სახეებისადმი, სხვა სახეების მიმართ კი სიმპათიით აღივსება, მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ მან თავის გონებაში შეუმჩნევლად შექმნა იდეათა რაღაც ასოციაცია, რომელიც მისი ანტიპათიისა და სიმპათიის მიზეზი ხდება. მოკლედ, თუ ყველა არა, ყოველ შემთხვევაში ჩვენი სიმპათიებისა და ანტიპათიების უდიდესი ნაწილი გონებაში შემთხვევით შედგენილ ასოციაცათა შედეგია.