მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

პირველი განყოფილება

 

ადამიანის სულის ყოფიერების,
თვისებების და მოქმედებების შესახებ

 

თავი მესამე

 

ბ) იდეათა ასოციაციის შესახებ

 

§76. იდეათა ასოციაციის წარმომქმნელი მიზეზები

 

იდეათა ასოციაცია შეიძლება იყოს ბუნებრივი ან შემთხვევითი. პირველი ეყრდნობა ბუნებრივ მიზეზებს, აუცილებელ კავშირს, რომელიც მართლაც არის სხვადასხვა წარმოდგენასა და აზრს შორის. ბუნებრივია, მაგალითად ის. რომ წარმოდგენა საგანზე ზარმოშობს წარმოდგენებს ამ საგნის თვისებებსა და ნიშნებზე. მაგალითად, როცა ვიგონებ ზამთარს, ამავე დროს წარმოვიდგენ თოვლს, სიცივეს და, საერთოდ, ყველაფერს, რაც ზამთარს ახასიათებს. თუკი ჩემი წარმოდგენა ეხება ზაფხულს, ამავე დროს მე ვიგონებ ზაფხულთან დაკავშირებულ სიამოვნებებს, სიმწვანეს, ხილს, სითბოს, ზოგჯერ სიცხეს და ა.შ. თუ ნაცნობს დავინახავ, უმალ ვიგონებ მის თვისებებს, მის დამოკიდებულებას საკუთარ თავთან და სხვებთან და ა.შ. როცა რომელიმე მუსიკალური ნაწარმოების ბგერები მესმის, ისინი მთელი ნაწარმოების წარმოდგენას ბადებენ. როცა ვხედავთ რომელიმე სახლს, ვიგონებთ მის მაცხოვრებლებს და ა.შ. ასეთი ასოციაცია ბუნებრივია. მათში გარკვეული წარმოდგენები იწვევენ ამ წარმოდგენებთან ბუნებრივ კავშირში მყოფ სხვა წარმოდგენებს.

 

შემთხვევით ასოციაციაში ჩვენი წარმოდგენები უკავშირდებიან ერთმანეთს შემთხვევითი მიზეზით და არა თავისი შინაგანი მსგავსებითა და მიმართებით. ასეთი ასოციაცია სხვადასხვა ადამიანში სხვადასხვაგვარია. ის დამოკიდებულია აღზრდაზე, საქმიანობაზე, ცხოვრების წესზე და მრავალ სხვა მიზეზზე.

 

აღზრდის რაგვარობით გაპირობებული ასოციაცია იდეებისა ყველაზე მყარი და ხშირად მავნეა, რადგან ბავშვობის შთაბეჭდილებები მთელი ცხოვრების მანძილზე რჩება. თუ, მაგალითად, გამდელებმა და ბებიებმა ბავშვს თავი გაუტენეს სხვადასხვა ზღაპრებით აჩრდილებსა და ღამისეულ საშინელებებზე, ამ ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვება ღამის აჩრდილების შიში. აჩრდილები თავისთავად უფრო მეტად როდი არიან დაკავშირებელი სიბნელესთან, ვიდრე სინათლესთან. მაგრამ რადგან ზოგიერთების თავში ეს ორი წარმოდგენა ძალზე მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, ეს ადამიანები ღამით ყოველთვის აჩრდილებზე ფიქრობენ, დღისით კი სულაც არ ახსოვთ ისინი. ადამიანთა ხასიათიც იდეათა ასოციაციით გამოიხატება. მაგალითად, პირქუში ხასიათის მქონე ადამიანის ყველა წარმოდგენა შავი ფერისაა. ამის საპირიპიროდ, მხიარული ადამიანი წარმოდგენების კავშირში რაღაც გასართობს პოულობს. ის, რაც პირველს აბრაზებს, მეორეს მხოლოდ აცინებს. ჩვენი ცხოვრების წესი და ჩვეულებები ასევე წარმოადგენენ იდეათა თავისებური ასოციაციის საბაბს. ოქროს დანახვისას ძუნწი ადამიანი წარმოიდგენს ამ ოქროს ფლობისგან მიღებულ სიამოვნებას, მფლანგველი კაცი კი ანგარიშობს იმას, თუ რა სიამოვნებას შეიძლება მიაღწიო მისი საშუალებით. გარყვნილი ადამიანის წარმოსახვა ყოველთვის უწმინდურ წარმოდგენებს ხატავს: ყოველთვის ბიწიერ დაახლოვებას ესწრაფვის, ყველაფერში ცუდ მხარეს ხედავს. ამის საწინააღმდეგოდ, სადა სულისა და წმინდა ზნეობის ჩვეულებების ადამიანი მუდამ წმინდა საგნებზე ფიქრობს. მასთან იშვიათია იდეთა უწმინდური დაახლოება.