|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი მესამე
შემეცნების შესახებ
§74. წარმოსახვის მოქმედების შესახებ
ამ უნარის არსება ჩვენ ადრე ავხსენით, აქ კი მხოლოდ ვილაპარაკებთ, თუ რა მონაწილეობას იღებს ის აზროვნებასა და
შემეცნებაში. თუმცა ამ უნარის არსის გააზრებისას შეიძლება ვიფიქროთ, რომ ის არ
შეიძლება ბევრად უწყობდეს ხელს აზროვნებას, განსაკუთრებით კი ცოდნის გაფართოებას,
მაგრამ რადგან სული თავის ყველა ძალას ამოქმედებს აზროვნებისას, წარმოსახვაც
უეჭველად იღებს მონაწილეობას ამ პროცესში. ეს მონაწილეობა გამოიხატება იმაში, რომ
წარმოსახვა ცდილობს გახადოს აზრები უფრო თვალსაჩინო, ხორცი შეასხას ყველაზე
განყენებულ წარმოდგენებს. ადამიანის ენას აქვს მრავალი ნიშანი, რომლებიც ამას
ამტკიცებენ. ამ შემოქმედებით უნარს უმადლის თავის წარმოშობას მრავალი ხატოვანი
გამოთქმა, ადამიანთა ენას რომ ამშვენებს. გავარჩიოთ რამდენიმე ასეთი გამოთქმა, რათა
გავიგოთ, თუ როგორ შექმნა ისინი წარმოსახვამ. მაგალითად, გამოთქმა „იღვრება მთა
ალმასისა" [11] წარმოიშვა იმის საფუძველზე, რომ პოეტის წარმოსახვამ ალმასის შესახებ
წარმოდგენა შეაერთა ჩამომდინარე წყლის წარმოდგენასთან. გამოთქმებს - „ელვისებრ
მიჰქრის", „თოვლივით თმები", „უკურნებელი წყენა", „ღამესავით შავი", „თვალებიდან
ნაპერწკლები ცვივა", „მის ბაგეთაგან სიტყვები მდინარისებრ მოედინებოდა" და ათასს
სხვას ქმნის წარმოსახვა, რომელიც აერთებს წარმოდგენებს მათი მსგავსების მიხედვით.
პოეზიის მთელი მომხიბვლელობა წარმოსახვის ამ მოქმედებას ეყრდნობა, ასე რომ პოეტები,
შეიძლება ითქვას, წარმოსახვით უფრო აზროვნებენ, ვიდრე გონებით.
|
|