მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

პირველი განყოფილება

 

ადამიანის სულის ყოფიერების,
თვისებების და მოქმედებების შესახებ

 

თავი მესამე

 

შემეცნების შესახებ

 

§73. რა მონაწილეობას იღებენ აზროვნებაში მეხსიერება და წარმოსახვა?

 

ახლა უნდა ავხსნათ ორი უნარის - წარმოსახვისა და მეხსიერების მონაწილეობა აზროვნებაში. მეხსიერების მოქმედების წესის ანდა მეხსიერების ფიზიკური მიზეზის სრული ახსნა ძნელია. ვიტყვით მხოლოდ იმას, რისი თქმაც შესაძლებელია. პირველ ყოვლისა, ცხადია, რომ მეხსიერება არის ჩვეულება, ანუ ჩვევა. ცნობილია, რომ ადამიანს აქვს მრავალი ჩვევა, რომლებიც მასში თავად ბუნებაზე ძლიერია. ასეთია, მაგალითად, სხეულის საკუთარ ნაწილთა მოძრაობის მართვის ჩვევა, რომელიც არაცნობიერ მოქმედებადაა გადაქცეული, ჩვენგან დამოუკიდებელ საგნებზე საკუთარი შეგრძნებების გადატანის ჩვევა, ორი თვალით შეთანხმებულად ხედვის, ორი ყურით შეთანხმებულად სმენის, ორი ხელით და ფეხით შეთანხმებულად მოძრაობის და სხვ. ჩვევები. ეს ჩვევები აქვს ყველას გამონაკლისის გარეშე. მაგრამ არსებობს ჩვევები, რომლებიც ცაკლეული ადამიანებისაა. მაგალითად, მუსიკოსის თითები ისე ეჩვევიან გარკვეული მოქმედების შესრულებას, რომ საკმარისია მუსიკოსმა შემთხვევით აიღოს დასწავლილი პიესის რამოდენიმე აკორდი და თითები თვითონვე ამთავრებენ პიესას; მუსიკოსი კი ამ დროს საუბრობს, ანდა გვერდზე იყურება. ასეთია ზოგიერთი სუსტი მოსწავლის ჩვევა, რომლებსაც შეუძლიათ სულმოუთქმელად და ცნობიერების თითქმის ყოველვარი მონაწილეობის გარეშე მოყვენ გაკვეთილი, კარგად რომ დაუზეპირებიათ. ხელოსნებიც ეჩვევიან ხელით გარკვეულ მოძრაობათა შესრულებას და ამ მოძრაობებს არაცნობიერად ასრულებენ. საერთოდ, ყოველ ჩვენთაგანს აქვს მარავალი ასეთი ჩვევა, რადგან მათი შემუშავება ადვილად ხდება - საკმარისია ხშირად გავიმეოროთ ერთნაირი მოძრაობები, რომ ისინი ჩვევად გადაიქცევიან. განვიხილოთ ახლა მეხსიერება. ცხადია, რომ მეხსიერების ადგილსამყოფელი ტვინია, რომელიც სულის სხვა უნარების იარაღიცაა. ეს არ მოითხოვს განსაკუთრებულ დასაბუთებას, რადგან ტვინის მცირედი მოშლილობა ასუსტებს მეხსიერებას. ამრიგად, უნდა ვივარაუდოთ, რომ მეხსიერება არის ტვინის ჩვევა, მოახდინოს გარკვეული ცვლილებები ან მოძრაობები. ეს ნათელი ხდება იმის საფუძველზე, რომ, ჯერ ერთი, მეხსიერებაში ჩვენ კარგად ვინახავთ მხოლოდ იმას, რაც გაგვიმეორებია ან დაგვიზეპირებია, მეორე, უკეთ გვახსოვს ის, რამაც ჩვენზე დატოვა უფრო ძლიერი და ღრმა შთაბეჭდილება, მაშასადამე, უფრო ღრმად აღაგზნო ტვინი; მესამე, ეს კარგად ჩანს იქიდან, რომ გარკვეული სახის აზრები და სიტყვები იწვევენ მათთან დაკავშირებულ სხვა აზრებსა და სიტყვებს, ისევე, როგორც მუსიკოსის თითების თავდაპირველი მოძრაობა რაიმე პიესის შესრულებისას იწვევს და წარმოქმნის თითების სხვა მოძრაობებს, რომლებიც მათ თავდაპირველ მოძრაობასთანაა კავშირში. აი, ყველაფერი, რაც შეიძლება ითქვას მეხსიერების მოქმედების ასახსნელად, მაგრამ ამ დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მეხსიერების მექანიკური მხარეა. ტვინის გაღიზიანება თავად მოქმედება როდია. იგონებს სული, ტვინში კი ხდება მექანიკური გაღიზიანება, რომელიც აღაგზნებს სულში ამ მოგონებებს. ასევე არ უნდა მივაწეროთ ტვინს ზედმეტი მეხსიერების განხილვისას და სული ტვინის მონურ მორჩილებაში არ უნდა ჩავაყენოთ, ტვინი აქ თამაშობს ისეთივე როლს, როგორსაც ვიოლინო - მუსიკოსის ხელში. ვიოლინო არის მკვდარი, უსულო მექანიზმი, მაგრამ ოსტატის ხელში ის ცოცხლდება და გამოსცემს შესანიშნავ ბგერებს. ასევე ტვინი: ის არის ხელსაწყო, რომელსაც სულსა და სიცოცხლეს შთაბერავს ცოცხალი არსება.

 

მონაწილეობა, რომელსაც იღებს მეხსიერება აზროვნებაში ძალზე ფართოა და ყველასათვის ადვილად გასაგებია. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მეხსიერების საფუძველზე ვაზროვნებთ, რადგან მეხსიერება გვაწვდის აზრთა მთელ მასალას. ე.ი. წარმოდგენებს, ფაქტებს, მოსაზრებებს, რომლებიც ადრე არ გვქონია სულში, გვაწვდის საერთოდ ყველაფერს, რაც აუცილებელია აზროვნებისათვის. მისი დიდი მნიშვნელობა იქიდანაც ჩანს, რომ ის ინახავს ჩეენი აზროვნების ყველა შედეგს, ე.ი. მთელ ჩვენს ცოდნას. თუ ყურადღებით ჩავუკვირდებით ზოგიერთს ჩვენთვის ცნობილ იმ მეცნიერთაგან, რომლებიც გვაოცებენ გონების სიმდიდრით, აღმოჩნდება, რომ მათი მთელი უპირატესობა ხშირად ფართო მეხსიერებაშია.