|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი მესამე
შემეცნების შესახებ
§72. მოკლე შენიშვნა მიმართებების ცნებათა შესახებ
დაწვრილებით გარჩევა ყველა იმ ცნებისა, რომლებიც იბადება სულში საგანთა სხვადასხვა მიმართების გააზრებისას,
ასევე არ არის ცდისეული ფსიქოლოგიის ამოცანა და ამიტომ მათ შესახებ მხოლოდ
რამდენიმე მოკლე შენიშვნას გავაკეთებთ.
ცნებები მიმართებების შესახებ წარმოიქმნება ერთი რიგი საგნების, ანდა, უკეთ რომ
ვთქვათ, მათ წარმოდგენათა შედარების შედეგად სხვა წარმოდგენებთან. წარმოდგენათა
ურთიერთშედარებისას ვპოულობთ ორ უარსებითეს მიმართებას მათ შორის: 1. იგივეობის ან
ტოლობის მიმართებას და 2. მიზეზისა და შედეგის მიმართებას.
განსჯა აანალიზებს წარმოდგენას რაიმე საგანზე და მიდის დასკვნამდე, რომ
ყველაფერი, რაც გამოითქმება წარმოდგენაზე, თავად წარმოდგენის ტოლია. ამიტომ
ყველაფერი, წარმოთქმული მასზე, იგივეობრივი მსჯელობაა. იგივეობრივ მსჯელობათაგან კი
აქსიომები ის მსჯელობებია, რომლების იგივეობა აშკარაა პირველი შეხედვიდანვე. ხოლო
როცა განსჯა ორი წარმოდგენის შედარებისას შენიშნავს, რომ ერთი მათგანი მხოლოდ
მეორის შედეგად წარმოიშობა და რომ მათ შორის ისეთი კავშირია, რომლის ძალითაც ერთი
გარდაუვალად იწვევს მეორეს, მაშინ მიმართება მათ შორის არის მიზეზი და შედეგი.
ცნებები მიმართებების შესახებ ყველაზე მრავალრიცხოვანია. მათ ეყრდნობა
მათემატიკის უდიდესი ნაწილი. მათგანაა შედგენილი კანონთმცოდნეობის, ზნეობრივი
ფილოსოფიის, პოლიტიკურ მეცნიერებათა და სხვ. ფართო სფერო. ამიტომ ამ
ცნებათა წარმოშობის ზუსტი და დაწვრილებითი გამოკვლევა განსაკუთრებით აღნიშნულ მეცნიერებებისათვისაა სასარგებლო.
|
|