მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

პირველი განყოფილება

 

ადამიანის სულის ყოფიერების,
თვისებების და მოქმედებების შესახებ

 

თავი მესამე

 

შემეცნების შესახებ

 

§71. ცნება უმაღლესი არსების შესახებ

 

მაგრამ უმაღლესი და ყველაზე აუცილებელი ცნება, რომელიც არსებობს ადამიანის სულში, არის ცნება უზენაესი სუბსტანციის, მთელი სამყაროს შემოქმედის, ყველა მოვლენის საბოლოო მიზეზის, ღმერთის შესახებ. ღმერთის შემეცნება და მისი რწმენა არიბ ის თვისება, რომელიც მკვეთრად ასხვავებს ადამიანს ყველა სხვა მიწიერ ქმნილებათაგან და ანიჭებს მას დიდ შინაგან ღირსებას. ამ მაღალი ცნების განმასხვავებელი თვისებებია: 1. მისი საყოველთაობა ადამიანთა ყველა ტომში და ცალკეულ ადამიანში; 2. მისი ადრეული და, ასე ვთქვათ, ადვილი და გარდუვალი აღმოცენება ადამიანის სულში.

 

გამოცდილებამ და მოგზაურობამ აჩვენა, რომ დედამიწაზე არ არსებობს ისეთი ტომი, რომელსაც არა აქვს ბნელი წარმოდგენები მაინც უზენაეს არსებაზე. დედამიწის სხვადასხვა კუთხეში, პოლინეზიის კუნძულებზე პოულობდნენ სავსებით გაველურებულ ტომებს, რომლებიც ცხოველებს უფრო ჩამოგავდნენ, ვიდრე ადამიანებს, ტომებს, რომელთა წარმომადგენლებსაც ხუთის ზევით თვლა უჭირდათ და რომელთა ცნებები ყველა საგანზე ძალზე ბავშვური და განუვითარებელი იყო. და აი, რა გამოირკვა. თითქოს მათ კიდევ უფრო ნაკლებად უნდა ჰქონდეთ ცნება უზენაესი არსების შესახებ, მაგრამ ყველასათვის განსაცვიფრებლად ეს მაღალი ცნება მათში წარუშლელადაა შენახული. თუკი სხვადასხვა ტომის განხილვიდან ცალკეული პიროვნებების დაკვირვებაზე გადავალთ, დავინახავთ, რომ საღი გონების ადამიანს, როგორი დაბალიც არ უნდა იყოს მისი სულიერი განვთარება, მუდამ აქვს ცნება ღმერთის შესახებ.

 

აქედან ნათელი ხდება ამ ცნების სხვა თვისებაც, სახელდობრ, მისი ადვილი და ბუნებრივი აღმოცენება ყოველი ადამიანის გონებაში; მართლაც, საკმარისია გვქონდეს თვალები ხედვისთვის და ყურები სმენისთვის, რათა ცნება ღმერთის შესახებ თავისთავად გაჩნდეს. უფრო მეტიც, ადამიანის გონებაში ღმერთის ცნების ეს გაჩენა იმდენად აუცილებელია, იმდენად ბუნებრივი და გარდუვალია, რომ ის წარმოიშობა არა რაიმე ღრმა ბჭობისა და დასკვნების შედეგად, არამედ თავისთავად, თითქოს წინასწარ იყო ჩადებული გონებაში და მხოლოდ რაღაც გარემოებამ მიიქცია მასზე ჩვენი ყურადღებაო. აი, რატომ ამბობენ - ღმერთის იდეა ადამიანის სულში თანდაყოლილიაო. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ის თანდაყოლილი იყო როგორც ცნება, იმ სახით, როგორსაც ვპოულობთ ახლა ჩვენს გონებაში, რადგან ეს ცნება შედგენილია მსჯელობათა და დასკვნათა რიგისაგან. ის თანდაყოლილია, როგორც სულის ლტოლვა, შეიმეცნოს თავისი თავის შემოქმედი და მთელი სამყაროს მიზეზი, როგორც სულის აუცილებელი მოთხოვნა, აღიაროს ღმერთი პირველსავე შესაძლებლობისას. შეიძლება ითქვას, რომ ის თანდაყოლილია აგრეთვე, როგორც განაზრების, აზროვნების უნარები, რომლებიც დაბადებისთანავე აქვს ბავმვს, მაგრამ განუვითარებელი სახით, რადგან საკმარისია გაძლიერდეს, გამოვლინდეს გონება, რომ ის პირისპირ ხვდება ამ იდეას.