|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი მესამე
შემეცნების შესახებ
§69. ცნებები
სული მთელ თავის ძალებს იქითკენ მიმართავს, რომ გაიგოს ესა თუ ის
საგანი. მისი შემეცნებითი მოქმედების საბოლოო მიზანია, შეადგინოს თავისთვის
ცნებები ცალკე ყოველ საგანზე და ცნებათა სისტემა მთელ ხილულ და უხილავ სამყაროზე.
ამიტომ ცნებები გონებრივი შრომის ნაყოფია. ისინი შედგენილია ყოველივე იმისაგან, რაც
სულმა შეძლო გაეგო ყველა თავისი უნარის მოქმედებით. ისინი შედგება მრავაღი
წარმოდგენისა და მსჯელობისაგან, ხშირად კი მრავალი დასკვნისაგან. ასეთებია, მაგალითად,
ცნებები, რომლებიც გამოხატულია სიტყვებით: „სული", „უნარი", „სხეული",
„გამრავლება", „გაყოფა" და სხვ. მაშასადამე, ისინი განსხვავდებიან წარმოდგენებისა და
დასკვნებისაგან იმით, რომ ეს უკანასკნელნი შედიან ცნებაში როგორც შემადგენელი
ნაწილები. მაგალითად, თუ წარმოდგენა ხატავს ჩემს წინაშე ადამიანის ფიგურას, ეს
იქნება წარმოდგენა ადამიანზე. მაგრამ როცა მე დავიწყებ ადამიანის შემადგენელი
ნაწილების გარჩევას, მაშინ იბადება მრავალი მსჯელობა მასზე. ბოლოს, როცა ყველა ამ
მსჯელობიდან შედგა რაღაც თავად საგნის შესატყვისი მთელი, ჩემს თავში წარმოიქმნება
თავად ცნება ადამიანზე, რადგან ამ შემთხვევაში მე შევიცან ადამიანი. ამიტომ
განვითარებული ცნებების მქონე ადამიანია ის, ვინც ფლობს უდიდესი რაოდენობის სწორ
მსჯელობას მრავალ საგანზე. და პირიქით, ადამიანი, რომელიც ფლობს შეზღუდული
რაოდენობის მსჯელობებს ზოგიერთ საგანზე, ხოლო მრავალ სხვაზე არაფერი გაუგონია,
იწოდება უმეცარ ადამიანად.
ჩვენი ცნებების შემადგენელი ნაწილები თავად ამ ცნებათა წარმოშობაზე მიუთითებენ.
ზოგი ცნება შემუშავდება ჩვენში მთელი ცხოვრების მანძილზე გონების თანდათანობითი
მუშაობით. ზოგს მეცნიერული განათლებისას ვიძენთ, ზოგს - წიგნებიდან, საუბრებიდან და
სხვ. საერთოდ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენში ცნებების წარმოშობის ისტორია არის ჩვენი
გონების განვითარების ისტორია. ხშირად ადრეულ ბავშვობაში ჩვენ თვითონ ვქმნით
ჩვენთვის ცნებებს ისე, რომ თვითნებურად ვაერთებთ საკუთარ მარტივ წარმოდგენებს, რის
გამოც ჩვენი ცნებები ფანტასტიური, ზღაპრულია. მაგრამ ჩვენი ცნებების ყველაზე ფართო წყაროა იმ
სიტყვათა განმარტება, რომლებითაც
აღინიშნებიან ეს ცნებები. ასე წარმოიშვა მეცნიერთა ცნებების უმეტესი ნაწილი. რაც
შეეხება უსწავლელ ადამიანებს, ისინი ცდილობენ თვითონ შეადგინონ თავისთვის ცნებები იმ
საგნებზე, რომლებიც საკუთარ მდგომარეობასთან და საქმიანობასთან ახლოა. ამიტომ ამ
ადამიანებს, უფრო ხშირად, არა აქვთ სწორი ცნებები ამ საგნებზე, რომლებიც არ ეხება
მათ საქმიანობას და აქვთ მიდრეკილება ცრუმორწმუნეობასა და ცდომილებისკენ. გონების
უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი ცნებებია ცნებები სუბსტანციებისა და ამ
სუბსტანციების ურთიერთმიმართების შესახებ.
|
|