|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი მესამე
შემეცნების შესახებ
§68. გონების მოქმედების შესახებ
ცოდნის შეძენასა და გავრცელებაში დასკვნის
უნარის, ანუ გონების მონაწილეობა გაცილებით მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, ვიდრე
ყველა სხვა უნარებისა. მკაცრად რომ ვთქვათ, ჩვენ ცოდნას მხოლოდ უნარით ვიძენთ.
განსჯის ანალიზისას ჩვენ ვნახეთ, რომ მისი დანიშნულება არა იმდენად ცოდნის
გაფართოებაა. რამდენადაც ნთელი გაცნობიერება იმისა, რაც მოცემულია წარმოდგენებში;
ასე, რომ განსჯა მხოლოდ ანაწევრებს წარმოდგენებს. მაგრამ დასკვნის უნარს ზოგიერთი წარმოდგენიდან და
მსჯელობიდან გამოჰყავს მათში ფარული სახით მოცემული ახალი მსჯელობები, ამ აზრით
იძენს ახალ მსჯელობას და, მაშასადამე, ახალ
ცოდნას. დასკვნის უნარი, თუ შეიძლება ასე ითქვას, არის მეცნიერული უნარი იმ აზრით,
რომ თითქმის ყველა მეცნიერება თავის განვითარებას მას უმადლის. ყველა აღმოჩენა
მეცნიერებათა სფეროში, ყველა გამოგონება, ღრმა კვლევა-ძიება და სისტემები თავის
არსებობას მხოლოდ მას უმადლის. ყოველთვის, როცა მეცნიერის გონება პოულობს ახალ
კანონს, ანდა რომელიმე მოვლენის ახალ ახსნას, ის ამას დასკვნის საშუალებით აკეთებს.
ყველა ამ შემთხვევაში მეორდება ნიუტონის ამბავი - ხიდან ვაშლის ვარდნის დანახვისას
მიზიდულობის კანონი რომ აღმოაჩინა. გენიალურმა მეცნიერმა დასკვნის საშუალებით ამ
ჩვეულებრივი მოვლენიდან მატერიის საყოველთაო კანონი გამოიყვანა. ზუსტად იგივე,
ასეთივე შემთხვევა, მხოლოდ უსასრულოდ მცირე ზომით, მეორდება არა მარტო ყველა
მეცნიერთან, არამედ ყოველი ჩვენთაგანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ ყოველთვის
ვცდილობთ გამოვიყვანოთ გარკვეული მსჯელობებიდან მათში მოცემული სხვა მსჯელობები,
გარკვეული მოვლენების საფუძველზე ვასკვნით სხვა მოვლენების შესაძლებლობასა ან
სინამდვილეზე. ყოველი აზრი, ყოველი სიტყვაც კი ახალი მსჯელობებისა და აზრების
საფუძვლად იქცევა. მაგრამ ყველაზე ხშირი და გამოყენებადი მიზეზებიდან შედეგზე და
პირუკუ დასკვნაა. შემდგომ ვნახავთ, თუ რატომ აქვს წინადადებას: „ყოველი მიზეზი
იწვევს შედეგს და პირუკუ, ყოველი მოვლენა გულისხმობს მიზეზს" - ასეთი ძალა და
საყოველთაობა. ყველგან, სადაცაა მოვლენა, ჩვენ ვეძებთ მის მიზეზს, რადგან ვიცით,
რომ არაფრისგან არავითარი მოვლენა არ წარმოიშობა. მრავალი მეცნიერების, მაგალითად,
ფიზიკის შინაარსი, გარკვეული მიზეზების გამოძებნა და ახსნაა. დასკვნებს
განსაკუთრებით ეყრდნობა ფილოსოფია, უპირატესად კი ის ნაწილი, რომელიც ფსიქოლოგიად
იწოდება. ფსიქოლოგიის საგანია ადამიანის სული, მაგრამ ეს უკანასკნელი არ გვეძლევა
გარეგანი გრძნობებით. მაშასადამე, ყველაფერი, რაც მიცით სულის შესახებ, ვიცით
დასკვნების საშუალებით, რომლებიც უყრდნობა შინაგანი ცდის დაკვირვებებს და
გამოვლინებებს. სულის არსებობას, მის თვისებებს, არსებას ჩვენ მისი მოქმედების განხილვის საფუძველზე ვხვდებით.
|
|