მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

პირველი განყოფილება

 

ადამიანის სულის ყოფიერების,
თვისებების და მოქმედებების შესახებ

 

თავი მესამე

 

შემეცნების შესახებ

 

§66. რაშია ზოგიერთი ჭკუასუსტი და შეშლილი ადამიანის ნაკლი?

 

თუ ყურადღებით დავაკვირდებით ზოგიერთ ჭკუასუსტ ადამიანს, აღმოვაჩენთ, რომ მათი ნაკლია ერთი ან რამდენიმე სულიერი უნარის ან სავსებით არქონება, ანდა მათი განუვითარება. ადამიანი, რთმელსაც ცოტა წარმოდგენები აქვს და თანაც არ შეუძლია მათი შედარება ერთმანეთთან, რადგან არ ესმის მათი მსგავსება და განსხვავება, რომელსაც არ ძალუძს განყენება და, მაშასადამე, სრულყოფილად აზროვნება, ჭკუასუსტს უნდა ჰგავდეს. ამგვარი ადამიანის ცნებები და მსჯელობები ახლობელსა და წუთიერ იდეებს უტრიალებს, მას არ შეუძლია აგრეთვე იმსჯელოს საგნებზე, რომლებიც დიდ გონებრივ დაძაბვას ითხოვენ. ის, თითქოს, არ ჰკარგავს სწორი მსჯელობის უნარს, მაგრამ მცდარად, მხოლოდ წარმოსახვის საფუძველზე აერთებს თავის გონებაში ზოგიერთ წარმოდგენას და შემდეგ მცდარი აზრები გამოჰყავს აქედან, თუმცა გამოჰყავს სწორად. ასეთია იმ ადამიანის მდგომარეობა, რომელმაც წარმოიდგინა, რომ თვითონ მეფეა და მეფისათვის საკადრის პატივისცემას ითხოვს; ან სხვა ადამიანისა, რომელმაც როგორღაც დაარწმუნა თავისი თავი, შუშის ფეხები მაქვსო და აქედან სავსებით სწორად გამოჰყავს დასკვნა, რომ საჭიროა ფრთხილად მოიქცეს, რათა ფეხები არ დაემსხვრეს. ამგვარი ადამიანები სწორად ბჭობენ, თუმცა მათი დასკვნები მცდარია, რადგან მცდარი წარმოდგენიდანაა გამოყვანილი. მათში არსებული წარმოდგენა ისაა, რაც idee fixe-ს სახელითაა ცნობილი. idee fixe-თი შეპყრობილი ადამიანები იშვიათად ამჟღავნებენ ყველა უნართა მოშლას, მაშასადამე, მათ ქცეაში ძნელად გასაგებია მხოლოდ ერთი რამ - როგორ მოხდა, რომ ეს იდეა აიჩემეს და მისი ჭეშმარიტება ირწმენეს. სხვა დანარჩენი მათში ძალზე თანმიმდევრულად და ლოგიკური სისწორით ხდება, რადგან თუკი ვინმე ირწმუნებს შუშის ფეხები მაქვსო, ბუნებრივია, შეეშინდება ადგომა, შეეშინდება მათი ხელის ხლება და ა.შ. ამ შემთხვევაში შეშლილი ჰგავს ყოველ ადამიანს. რომელიც მცდარ საფუძველზე დაყრდნობით მსჯელობს.