მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

პირველი განყოფილება

 

ადამიანის სულის ყოფიერების,
თვისებების და მოქმედებების შესახებ

 

თავი მესამე

 

შემეცნების შესახებ

 

§65. კლასიფიკაცია

 

ჩვენი წარმოდგენები თავდაპირველად მუდამ ერთეული და მარტივია, რადგან ისინი ბუნების საგანთა შეგრძნებებია, ხოლო ბუნებაში, როგორც ცნობილია, არსებობენ მხოლოდ ერთეული საგნები, რომლებიც მოქმედებენ ჩვენს გრძნობებზე და ამ გზით წარმოდგენებსაც ერთეულს წარმოშობენ, მაგრამ ადამიანს არ შეეძლო სახელი დაერქმია ყოველი და ცალკეული ერთეულისათვის, რადგან იძულებული იქნებოდა მოეგონებინა სიტყვების უსასრულო სიმრავლე, ეს კი შეუძლეძლებელია. შესაძლებელიც რომ ყოფილიყო, ამგვარი რამ, ეს გადატვირთავდა ენას ზედმეტი სიტყვებით და გაართულებდა აზრთა შეტყობინებას. ადამიანმა ამ უხერხულობის მოსაშორებლად კი არ მოიგონა სახელი ყოველი ერთეული საგნისათვის, არამედ დაჰყო ბუნებაში არსებული ყველა საგანი კლასებად, ჯგუფებად, უწოდა მათ გვარები და სახელები და მხოლოდ მათ მისცა სახელი. მაგალითად, როდესაც შევცქერით მცენარეთა სამეფოს, ჩვენ ვხედავთ მილიონობით ინდივიდებს; შეუძლებელია ყველას მივცეთ, ცალკე სახელი. საბედნიეროდ, ეს ინდივიდები ჰგვანან ერთმანეთს. აი, რატომ დავყავით ისინი ჯგუფებად და ვუწოდეთ, მაგალითად. „ხე", ისეთ მცენარეს, რომლის ტანი გარკვეულ სიმაღღეს აღწევს და მრავალ ტოტად იყოფა. ამ მთავარ კლასს ჩვენ ვუწოდეთ გვარი. შემდეგ, როცა შევიტყვეთ, რომ ხეები განსხვავდებიან ერთმანეთისგან თავისი სიდიდით, აგებულებით, ნაყოფით, ეს გვარი დავყავით კლასებად, რომლებიც გვარს ემორჩილებიან. ამ კლასებს ვუწოდეთ სახეები. ვიმეორებ, საგანთა ასეთი დაყოფა კლასებად ძალზე კეთილისმყოფელია. აბა ერთი წარმოიდგინეთ რა იქნებოდა, ბუნებაში ყველა ერთეულს რომ თავისი სახელი ჰქონდეს ჩვენი მეტყველება მიემსგავსებოდა იმ წიგნს, რომელშიც არ არის ასოები და ყოველი საგანი და ყოველი სიტყვა განსაკუთრებული ნიშნით აღინიშნება. მაშინ ჩვენ სახელების მხოლოდ დასწავლისთვისაც კი არ გვეყოფოდა დრო. ამასობაში ბუნებამ თავად გაუადვილა ადამიანს სახეებად და გვარებად ნივთების ამგვარი დაყოფისკენ მიმართული შრომა, რადგან ბუნება წარმოშობს ერთეულებს, რომლებიც მუდამ მსგავსნი არიან ერთმანეთის, ე.ი. ერთნაირი თვისებების მატარებლები არიან. აქედან ცხადი ხდება, რომ ადამიანის ენაში ყველა სიტყვა, ძალზე მცირე გამონაკლისით, ზოგად ცნებებს აღნიშნავს.

 

როცა ვხედავთ, თუ რაოდენ სასარგებლო და აუცილებელია ამგვარი კლასიფიკაცია განათლების წარმატებისათვის და ენისათვის, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს კლასიფიკაცია ღრმად გააზრებული გეგმის შედეგია, რომ ის პირველად რომელიმე ჭკვიანმა ფილოსოფოსმა შეადგინა და რომ ყოველ ადამიანს ის ხანგძლივი შესწავლის შემდეგ ესმის. ეს არ არის ასე. შეიძლება ითქვას, რომ ამგვარი კლასიფიცირება ჩვენ მხოლოდ ბუნებამ გვასწავლა. ტყუილად როდი ამბობენ - გასაჭირი ყველაზე კარგი მასწავლებელიაო. გამოცდილებამ ეს დებულება ყველაზე თვალნათლივ ჩვენს მიერ გარჩეულ შემთხვევაშიც გაამართლა, რადგან მხოლოდ გასაჭირმა აიძულათ ადამიანები მოეხდინათ ამგვარი კლასიფიკაცია და მოეხდინათ ის უკვე ადრეული ასაკიდან. ბავშვი, რომელსაც თქვენ მიუთითეთ რაღაც საგანზე და უთხარით, რომ ამ საგანს ეწოდება „ხე", ამავე სახელს ყოყმანის გარეშე უწოდებს ყოველ სხვა ხეს, რადგან ის ამჩნევს ამ ხეებს შორის არსებულ მსგავსებას. ბავშვი ამ სიტყვას ძალზე ფართო მნიშვნელობას მისცემს. ის ყოველ მცენარესაც კი „ხეს" უწოდებს, რადგან მისთვის უფრო ადვილია გამოიყენოს ნაცნობი სიტყვა, ვიდრე გამოიგონოს ახალი.

 

მაშ ასე, გვარები და სახეები საკუთრივ სიტყვებია ანუ მრავალი მსგავსი საგნის ზოგადი დასახელებაა. ამიტომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამ სიტყვებს ბუნებაში შეესატყვისებიან რაღაც გარკვეული სავნები. ბუნებაში არ არსებობს ხე ზოგადი აზრით, არ არსებობს ზოგადად არყის ხეც კი, არამედ არსებობს სიმრავლე ცალკეული ხეებისა, რომელთაც ჩვენ მივეცით არყის ხის სახელი. ბუნებაში არ არსებობს ადამიანი ზოგადი აზრით, არამედ არსებობენ პეტრე, ივანე, ალექსი, ნიკოლოზი და სხვ. ვინც საწინააღმდეგო აზრის მტკიცებას დაიწყებდა, მიემსგავსებოდა მხატვარს, რომელსაც განუზრახავს დახატოს პორტრეტი ადამიანისა საერთოდ. მაგრამ როგორი გონებრივი წარმოდგენები შეესატყვისება ამ გვარეობით და სახელობით სიტყვებს? მათ შეესატყვისება ამ სიტყვებით აღნიშნული ყველა საგნისათვის საერთო ნიშნებისა და თვისებების წარმოდგენები. ამგვარი ახსნა თითქოს მარტივია და საქმის არსს შეესაბამება, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, ბუნებაში გვრები და სახეები არსებობენო, ხოლო ზოგიერთი იქამდეც კი მივიდა. რომ ამტკიცებს, თითქოს ბუნებაში მხოლოდ გვარები და სახეები არსებობენ და არა ერთეულებიო. მაგრამ ცხადია, ამგვარი ბჭობა აღმოჩნდება უზუსტო, რაწამს ჩავწვდებით იმას, თუ რას წარმოვადგენთ სიტყვებით - „მცენარე", „მხეცი", და ა.შ. ცხადია, სიტყვა „მცენარე" ნიშნავს იმ ნიშნების შეერთებას, რომლებიც ეკუთვნის ერთს კი არა, მრავალ ერთეულ საგანს. სიტყვა „მხეცი" ბადებს გონებაში წარმოდგენას არა რაღაც ერთეულ არსებაზე, ის ათასობით ცალკეული არსების თვისებათა შეერთებაა. მართალია, ბუნებამ, როგორც ვთქვით, საფუძველი მისცა ჩვენს დაყოფას გვარებად და სახეებად, იმით რომ წარმოშვა მრავალი მსგავსი არსება და საგანი, მაგრამ მან ერთეულიც წარმოშვა. მე რომ გითხრათ, მაჩვენეთ ზოგადად მცენარე, ზოგადად მოწაფეო, თქვენ იძულებული იქნებით მაჩვენოთ ერთეული საგნები, რომლებიც გაცილებით მეტ ნიშნებს შეიცავენ, ვიდრე ვგულისხმობ მე ამ სიტყვებით.