|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი მესამე
შემეცნების შესახებ
§64. განყენების შესახებ
ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული მოქმედებაა
განყენება. განყენების არსი ისაა, რომ განსჯა გამოყოფს ნივთის რომელიმე თვისებას
თავად ნივთიდან და მას განსაკუთრებული მსჯელობის საგნად აქცევს. მაგალითად, თეთრი
ფერი არ არსებობს საგნებისგან განცალკევებით, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რამდენიც გვინდა
ვიმსჯელოთ სითეთრეზე, ისე რომ მხედველობაში არ გვექნება არც ერთი თეთრი საგანი.
ამგვარადვე შეგვიძლია ვიმსჯელოთ ნივთის ყველა სხვა თვისებაზე ამ ნივთისაგან
განყენებულად, გამოცალკევებულად და დამოუკიდებლად. თუ ჩვენ უფრო ღრმად ჩავწვდებით
ჩვენი უნარების აგებულებას და ადამიანების შემეცნების სისტემას, დავინახავთ, თუ
რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს აზროვნებისათვის განსჯის ამ მოქმედებას. ადამიანის
მსჯელობათა უდიდესი ნაწილი განყენებულ იდეებს ეყრდნობა. ადამიანური შემეცნების
ყველაზე უკეთესი და უზუსტესი ნაწილის - მათემატიკის საგანია აგრეთვე განყენებული
მსჯელობები და ცნებები რიცხვებზე, სიდიდეებზე, სივრცესა და მის ფორმებზე. დაბოლოს,
ამ კეთილისმყოფელი უნარის გარეშე ჩვენ ვერ დაველაპარაკებოდით ერთმანეთს, რადგან
სიტყვათა უდიდესი ნაწილი განყენებულ ცნებებს აღნიშნავს.
|
|