მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

პირველი განყოფილება

 

ადამიანის სულის ყოფიერების,
თვისებების და მოქმედებების შესახებ

 

თავი მესამე

 

შემეცნების შესახებ

 

§63. წარმოდგენებისა და მსჯელობების ურთიერთმიმართების შესახებ

 

მსჯელობები, ჯერ ერთი, გამოხატავენ ნათლად და ცნობიერად იმას, რასაც შეიცავენ წარმოდგენები და, მეორე, ასწორებენ და ავსებენ თავად წარმოდგენებს საგნების შესახებ. ჩვენს წარმოდგენებს მკაცრი აზრით ჯერ კიდევ არ შეიძლება ვუწოდოთ ცოდნა. ცოდნად ისინი გადაიქცევიან მხოლოდ მაშინ, როცა სული მსჯელობათა საშუალებით დაშლის მათ შემადგენელ ნაწილებად, როცა განსჯა ნათლად და ცნობიერად გამოხატავს მათ მთელ შინაარსს მსჯელობის ფორმით. მაგალითად, მარტივი წარმოდგენა მაგნიტის შესახებ არის მოგონება იმ შთაბეჭდილებისა, რომელსაც ახდენს მაგნიტი ჩვენს გრძნობებზე, ყველაზე მეტად კი იმისა, რომ მას აქვს რკინის მიზიდვის თვისება. მაგრამ ასეთ წარმოდგენას ჯერ კიდევ არ შეიძლება ვუწოდოთ მაგნიტის ცოდნა. მაგნიტის ცოდნა კი იქნება ნათელი, გარკვეული და თანმიმდევრული წესრიგის მქონე ცნობიერება, ან რაც იგივეა, მსჯელობა მაგნიტის თვისებათა შესახებ. თავისთავად გასაგებია, რომ ასეთ ცნობიერებას ერთგვარად შეიცავს თვითონ წარმოდგენა, მაგრამ შეიცავს არა ისე ნათლად და გარკვეულად, როგორც მსჯელობა. აქ მაგნიტის ყველა თვისება გამოიხატება და მიეწერება მას ცნობიერად და მაშასადამე, აუცილებლობით და საბოლოოდ.

 

მე-2. საგნებზე ჩვენი წარმოდგენები, როგორც შთაბეჭდილებებისა და შეგრძნებების უშუალო შედეგები, ხშირად მცდარია და თითქმის ყოველთვის არასრული და უკმარისია. ვინ უწყის, რამდენია ადამიანში მცდარი წარმოდგენა, რომელიც სულში სხვადასხვაგვარი გზებით შეიჭრა, ანგარიშმიუცემლად მიიღო გონებამ. მაგრამ როცა ამგვარ წარმოდგენებს შეეხება განსჯა, ისინი შესწორდება, მცდარი უკუიგდება, ჭეშმარიტი დარჩება. მსჯელობის, ანუ განსჯის საქმე ისაა, რომ შეიტანოს ეს შესწორება და რაც მთავარია, შეავსოს წარმოდგენები. სწორედ ამ მიმართებით ზრდიან მსჯელობები ჩვენს ცოდნას. როცა განსჯის მეშვეობით საგანზე არსებული ჩემი წარმოდგენის ანალიზს ვიწყებ, უკეთ, როცა ვაკვირდები საგანს და ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი მსჯელობა შევადგინო მასზე, მე ყოველთვის აღმოვაჩენ ისეთ თვისებებს, რომლებიც არ იყო ამ საგნის მარტივ წარმოდგენაში. ავიღოთ, მაგალითად, ისევ მაგნიტის წარმოდგენა. მანამ განსჯა არ შეეხება ამ წარმოდგენას, ეს უკანასკნელი ცოტა თვისებას შეიცავს, მაგრამ როცა განსჯა დაიწყებს ამ წარმოდგენის ანალიზს, იპოვის მრავალ ახალ ნიშანს, შეადგენს ახალ მსჯელობებს. მაშასადამე, ცოდნა ამ საგნისა, ისევე, როგორც მისი წარმოდგენა, უფრო სრული და უნაკლო ხდება. უკეთესია, თუ ამ დროს მაგნიტს ჩვენი გრძნობის ორგანოთა დაკვირვების საგნად გადავაქცევთ და მასზე ცდებს ვაწარმოებთ: მაშინ მაგნიტის ცოდნა მრავლმხრივი იქნება.