|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი მესამე
შემეცნების შესახებ
§62. ყველა მსჯელობა თავისი არსებით წარმოდგენის იგივეობრივია
საგნების შესახებ ჩვენს
წარმოდგენებში მოცემულია ამ საგნებზე ყველა მსჯელობის ჩანასახები. განვსაჯოთ, რაიმე
საგანი ნიშნავს იმას, რომ რაიმე მივაწეროთ მას, ან უარვყით მის მიმართ, ვიპოვოთ
მისი მსგავსება ან განსხვავება სხვა საგნებთან, ანდა, ზოგადად, ვიპოვოთ ერთი საგნის
მიმართება სხვებთან. მაგრამ ამ საგნის წარმოდგენავე შეიცავს ყველაფერს, რაც
მიეწერება ამ საგანს, თუკი ეს წარმოდგენა სწორი და სრულია, რადგან სხვაგვარად ჩვენ
არა გვაქვს საფუძველი იმისა, რომ საგანს რაიმე მივაწეროთ. მაგალითად ყველა მსჯელობა
ქვის შესახებ: „ქვა სხეულია", „ქვა ფანფენილია", „ქვა მძიმეა", „ქვა მრგვალია", „ქვა
იყოფა" და სხვ. უკვე მოცემულია ქვის წარმოდგენაში, რადგან ყველა ამ თვისებას,
რომელთაც მსჯელობაში ქვას მივაწერ, ვპოულობ ჩემს წარმოდგენაში ამ საგანზე,
სხვაგვარად მე ვერ შევძლებდი ამ საგნისათვის ეს თვისესები მიმეწერა. აქედან ცხადია,
რომ ყოველი მსჯელობა არსებითად იგივეობრივი მსჯელობაა. ამრიგად, ყველა მსჯელობა
ქვის შესახებ და მრავალი სხვა მსჯელობა, რომელიც კი შეიძლება გამოითქვას მასზე,
სახეცვლილებებია შემდეგი იგივეობრივი მსჯელობისა: „ქვა არის ქვა".
ამაზე შეიძლება ასე შემოგვედავონ: თუკი ყველა მსჯელობა იგივეობრივია, თუკი
ყველაფერი, რაც მე შემიძლია ვამტკიცო, მაგალითად ქვის შესახებ, მოცემულია ქვის
მარტივ წარმოდგენაში, მაშინ რაღა დანიშნულება აქვთ ამ მსჯელობებს? რითი განსხვავდებიან ისინი წარმოდგენებისაგან, და, რაც
მთავარია, როგორ შეუძლიათ მათ გაამდიდრონ
ჩვენი ცოდნა? სწორედ ასე დავობს კანტი, რომელიც ამტკიცებს: ანალიზური მსჯელობები
ჩვენი ცოდნის ჯამს კი არ ზრდის, არამედ მხოლოდ ნათელყოფს ცოდნასო. ცოდნის ზრდა კი,
თანახმად კანტისა, სინთეზური მსჯელობების საშუალებით ხდება. შემდგომ ჩვენ ვნახავთ,
სწორია თუ არა მსჯელობათა ამგვარი დაყოფა ანალიზურ და სინთეზურ მსჯელობებად, აქ კი
ვეცდებით ვაჩვენოთ, რომ თუმცა ჩვენი ყველა მსჯელობა მართლაც იგივეობრივია, მათ
მაინც უდიდესი მნიშვნელობა აქვთ ცოდნის შეძენაში.
|
|