|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი მესამე
შემეცნების შესახებ
§61. ამ შეგრძნებათა დიდი მნიშვნელობის შესახებ
დიდი მნიშვნელობა ყოველივე იმისი, რასაც ვიძენთ ჩვენი შეგრძნებების საშუალებით, ცხადი ხდება:
1. იმის საფუძველზე, რომ ყველაფერი, რაც შეგრძნებებით შეძენილია, მთელი ჩვენი
შემეცნების მასალად გადაიქცევა. სული ან უშუალოდ გადააქცევს მას მარტივ
წარმოდგენებად, ხოლო წარმოდგენების სხვადასხვაგვარი შეერთებით შექმნის მთლიან
ცოდნას, ანდა გაიხდის მას საფუძვლად დასკვნის გზით ისეთი ცნებებისა და ცოდნის
მიღებისა, რომლებსაც სავსებით ახალი შეიძლება ეწოდოს.
ზოგიერთი ფსიქოლოგი არ ეთანხმება იმ აზრს, რომ შეგრძნებები უშუალოდ გადაიქცევიან
წარმოდგენებად. მაგრამ აბა გვითხრან, რა არის თეთრის წარმოდგენა, თუ არა მარტივი
მოგონება შთაბეჭდილებისა, რომელსაც ახდენს ჩვენზე თეთრი საგანი! აბა გვითხრან, რა
არის წარმოდგენილი საგნის აღდგენა სულში? სიტყვა წარმოდგენა თავის თავში შეიცავს
ამგვარ ახსნას. ჩაუკვირდით საკუთარი სულის მდგომარეობას, როცა ის წარმოიდგენს რამეს
და დარწმუნდებით, რომ ეს წარმოდგენა არის წარმოდგენილის წმინდა მოგონება.
მაგალითად, როცა მსურს წარმოვიდგინო ნაცნობი, მაგრამ აქ არ მყოფი ადამიანი, მე
ვიგონებ მის ფიგურას, ტანსაცმელს, სახის ნაკვთებს, ჩვეულებებს, მოძრაობებს,
მეტყველებას, მოკლედ ვცდილობ გავაცოცხლო, აღვადგინო ჩემს თავში ყველა ის
შეგრძნება, რომელიც მივიღე, როდესაც ვხედავდი და ვესაუბრებოდი მას. აი, რატომაა, რომ
ნახულსა და, ასე ვთქვათ, ნაგრძნობ საგნებს წარმოვიდგენთ ხოლმე უკეთ, ვიდრე იმ საგნებს,
რომლებიც ჩვენთვის მხოლოდ აღწერის ან მონაყოლის საშუალებითაა ცნობილი.
აგრეთვე რატომაა, რომ ფიზიკური სამყაროს საგნებს ჩვენ წარმოვიდგენთ უკეთ, ვიდრე უხილავ
სამყაროს, ანდა განყენებულ საგნებს. ამ უკანასკნელთ კი ყოველთვის ვცდილობთ
გრძნობადი საგნების ფორმა მივცეთ. იქნებ შემოგვედავონ: შესაძლებელია კი ადამიანმა
გარეგანი გრძნობებით მიღებული რამდენიმე ათობით მარტივი წარმოდგენიდან შეადგინოს ცოდნის
უთვალავი სიმრავლე, რომელიც მის განკარგულებაშია? მაგრამ ამის მთქმელებმა დაე
გაიხსენონ, რომ ადამიანს ათი არითმეტიკული ნიშნით შეუძლია გამოხატოს უთვალავი ჯამი, ანდა
რომ მან 24 ასოს საშუალებით შეადგინა მილიონობით წიგნი. ჩვენი სულის სიდიადე სწორედ
იმაში მჟღავნდება, რომ მან მცირე მასალისაგან შეძლო უთვალავი ცოდნის გამოტანა და
ყოველთვის შეძლებს ამას. ჩაუკვირდით ბუნების წყობას: შემოქმედმა მცირე, შეიძლება
ისიც კი ითქვას, რომ ორი თუ სამი ფორმიდან და კანონიდან, წარმოქმნა ყოფიერების
მთელი მრავალფეროვნება.
2. მაგრამ ჩვენი შეგრძნებების ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი ისაა, რომ ისინი ჩვენში
ყურადღებას აღძრავენ. ზედმეტია იმის მტკიცება, რომ ჩვენი ყურადღება ყოველთვის
შეგრძნებების შედეგია და რომ მას მათ გარეშე არსებობა არ შეუძლია. ყოველი ადამიანი
შეძლებს ამის გაგებას: ყველა გრძნობა რომ დახურული ყოფილიყო, სული რაღაც მძინარე
მდგომარეობაში იქნებოდა და მის ყურადღებას არაფერი აღაგზნებდა. თუკი დავაკვირდებით
ამ უნარის თანდათანობით გამოვლენას ბავშვებში, ჩვენ კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდებით
იმაში, რომ ყურადღებასა და შეგრძნებებს შორის კავშირი აუცილებელია. ბავშვები
დასაწყისში ყველა შეგრძნებას მექანიკურად იღებენ, ე.ი. ისინი არ აცნობიერებენ მათ
და საკუთარ თავს არ მიაკუთვნებენ თავის შეგრძნებებს, ე.ი. ვერ ხვდებიან, რომ
გარკვეული შეგრძნებები საკუთრივ მათშივე წარმოიქმნება. მაგრამ იმის შემდეგ, რაც
ერთი და იგივე შემთხვევა რამოდენიმეჯერ მეორდება, ბავშვებში თანდათან წარმოიქმნება
ყურადღება. ყურადღების პირველი გამოკრთომა უეჭველად ის არის, რომ ბავშვი იწყებს
შეჩერებას თავის შეგრძნებებზე, ზოგიერთი ხმის ყურისგდებას, ზოგიერთი საგნის
დაკვირვებას და ა.შ. აქვე და ყურადღების ამ თავდაპირველ მოქმედებასთან თითქმის
განუყრელად ბავშვებში ვლინდება ერთი შეგრძნების მეორისგან განსხვავების უნარი;
მაშასადამე, ყურადღებას ყოველთვის თან ახლავს მსჯელობა, ანუ, რაც იგივეა, -
შენიშვნა იმისა, რასაც სულმა ყურადღება მიაპყრო.
|
|