|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი მესამე
შემეცნების შესახებ
§60. ყველა გრძნობის ერთობლივი მოქმედების შესახებ
ადამიანის სული შთაბეჭდილებებს მონურად კი არ აღებს, არამედ განსჯის, იაზრებს მათ, ეძებს მათ
საწყისს, ნამდვილობას, ცდილობს ერთი გრძნობის შთაბეჭდილებები შეამოწმოს
მეორე გრძნობის შთაბეჭდილებებით და ა.შ. გრძნობათა ამგვარ შემოწმებას ჩვენ
ვსწავლობთ ცხოვრების პირველი დღეებიდანვე, - ეს ავხსენით პირველ თავში, გრძნობათა
ანალიზის დროს. ცალკეულ, განსხვავებულ გრძნობათა გზით მიღებული შეგრძნებები ჩვენ
სულში ერთიანდებიან და ქმნიან ერთ მწყობრ მთელს, ასე რომ საბოლოო წარმოდგენა ყველა
გრძნობად საგანზე იქმნება ყველა გრძნობის შთაბეჭდილებათა შეჯერების შედეგად.
იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ ყველა გრძნობის ერთობლივი მოქმედების შესახებ,
წარმოვიდგინოთ ასეთი რამ: დაბადებით ბრმა ადამიანმა მხოლოდ შეხების საშუალებით
შენიშნა ორი სხეულის - მრგვალისა და ოთხკუთხედის - ფორმათა განსხვავება და შეადგინა
წარმოდგენა მრგვალი და ოთხკუთხედი ფიგურების შესახებ მხოლოდ შეხების შთაბეჭდილების
საფუძველზე. წარმოვიდგინოთ, რომ ასეთმა ადამიანმა შეიძინა მხედველობის უნარი და
ჩვენ, ვაჩვენებთ რა მას ამ ორ ფიგურას, ვეკითხებით - რა ჰქვია მათ. ძალზე საეჭვოა,
მან შეძლოს იმის თქმა, თუ რომელია ამ ფიგურათაგან მრგვალი და რომელი - ოთხკუთხედი
მანამ, სანამ იგი მათ არ შეეხება და ამ გზით არ გაიხსენებს თავის ადრინდელ შეგრძნებებს.
ამის მიზეზი ისაა, რომ ჩვენ მუდამ ვამოწმებთ და ვადარებთ ერთიმეორეს
მხედველობისა და შეხებას შეგრძნებას, ე.ი. ჩვენ ვიცით, თუ როგორია თვალისათვის ის
საგანი, რომელიც შეხებისთვის მრგვალია და პირუკუ. ბრმებს ასევე შეხებით შეუძლიათ
იცნონ ნივთთა და საგანთა ფერები. მაშასადამე, ისინი ამჩნევენ, რომ თითების გარკვეულ
შეგრძნებას იწვევს ის ფერი, რომელსაც მხედველობის მქონე ადამიანები წითელს
უწოდებენ, სხვა შეგრძნებებს - თეთრი და ა.შ. მაგრამ ისინი რომ ხედვის უნარით
დავაჯილდოვოთ და მივთხოვოთ, მხოლოდ ამ უნარის საშუალებით ამოიცნონ სხვადასხვა ფერი,
საეჭვოა, რომ მათ ეს მოახერხონ. ხშირად ბგერები იქედან კი არ გვესმის, საიდანაც
სინამდვილეში მოდიან ისინი, არამედ სრულიად საპირისპირო მხრიდან, მაგრამ მხედველობა
და ჩვევა გვასწავლიან ბგერათა ჭეშმარიტ მიმართულებას. როდესაც ჩვენგან მოშორებით
ისვრის ზარბაზანი ანდა გაიელვებს, ჩვენ ბევრად უფრო ადრე ვხედავთ სინათლეს და
მხოლოდ შემდეგ გვესმის სროლის ხმა და ქუხილი, თუმცა მაინც ვიცით, რომ ბგერა და
სინათლე ერთდროულად არსებობენ. უფრო მეტიც,
ამგვარი ფაქტები რომ შეგვეკრიბა, ისინი გვიჩვენებდნენ, რომ გრძნობებს შეუძლიათ
ხშირად შეგვიყვანონ შეცდომაში, თუკი მათ განსჯით არ შევამოწმებთ. მხოლოდ შეხებაა
ისეთი გრძნობა, რომლის შთაბეჭდილებები მუდამ ერთნაირია და უცდომელია, ამიტომ მხოლოდ
მას არ შეყავს შეცდომაში ადამიანი.
|
|