მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

პირველი განყოფილება

 

ადამიანის სულის ყოფიერების,
თვისებების და მოქმედებების შესახებ

 

თავი მესამე

 

შემეცნების შესახებ

 

§59. რას იგებს სული სმენის გზით?

 

განსაკუთრებული შეგრძნება, რომელსაც სმენის ორგანო გვაწვდის, არის ბგერა. სმენით ჩვენ გავარჩევთ: 1. ბგერების მიმართულებას, 2. სივრცეს, რომელიც მათ განვლეს, რადგანაც ჩვენ შეგვიძლია და უნარი გვაქვს ვიმსჯელოთ, შორიდან მოედინება ბგერები თუ ახლოდან. თვალები კიდევაც რომ დავხუჭოთ, მაინც შეგვიძლია განვსაზღვოთთ, საიდან მოდის ბგერა. მაგალითად, იყო ერთი ბრმა, მოსაუბრის ხმით არჩევდა, ტანმაღალი იყო იგი თუ არა. მეორე ახერხებდა უდიდესი სიზუსტით განესაზღვრა, რა დონეზე იდგა წყალი გრაფინში ან ჭიქაში. ბგერების შთაბეჭდილებას ჩვენ ვუკავშირებთ დროში მათი მეცი ან ნაკლები ხანგრძლივობის წარმოდგენას. მაგრამ აქაც, როგორც მხედველობის შთაბეჭდილებებში, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ზნეობრივი წარმოდგენები, რომელთაც ჩვენში ბგერები აღძრავენ. თოთო ბავშვს ჯერ კიდევ არ ესმის სიტყვების მნიშვნელობა, მაგრამ იგი მარტო ბგერების მეშვეობით, ხმის ინტონაციის მეშვეობით ხვდება მოლაპარაკის გრძნობებს. და არა მარტო თოთო ბავშვები, არამედ ცხოველებიც. მაგალითად, ძაღლი ხმის მიხედვით ძალიან კარგად არჩევს, გაუბრაზდა მას პატრონი, თუ ეფერება. იმღერეთ ნაღვლიანი სიმღერა ბავშვის ან ველურის თანდასწრებით და მათს სახეებზე აღიბეჭდება დარდი, თანაგრძნობა და სიბრალული; უთხარით რაიმე საყვედურით ან გაბრაზებით და მაშინვე შეამჩნევთ წყენას და სხვ. თუ ბავშვის და ველურის წინაშე იმ ზომისა და ჟღერადობის მიხედვით წაიკითხავთ ლექსს, რომლებიც გამოსახავენ ცხოველი სიხარულისა და მხიარულების გრძნობას, ისინი ხტუნვას დაიწყებენ, ან ყოველ შემთხვევაში, მათ სახეზე თანაგრძნობა გამოეხატებათ. გრძნობის ეს ბუნებრივი და ამის გამო ცხოველი, უშუალო ენა მთელი თავისი სიძლიერით ეუფლება ჩვენს სულს მაშინაც, როცა ჩვენ გონებრავი ცხოვრებით ვცხოვრობთ და სხვისი მეტყველება ჩვენთვის უკვე განყენებული აზრებისა და იდეების გამოსახვას ემსახურება. შორისდებულები ყველა ენაში მეტყველების გამომსახველობითობას ემსახურებიან: მათში აღიძვრის ამა თუ იმ აზრის მიერ აღძრული გულის თრთოლვა. ყოველი შორისდებული წარმოადგენს ბგერას, რომელიც გამოხატავს სასოწარკვეთილების შეძახილს, ოხვრას, სიხარულს, დარდს და სხვ. შორისდებულში ხმის ერთი ამოთქმით, უეცრად, მეორდება ის, რაც ფრაზის რამდენიმე ნაწილშია დაწილადებული [9].