|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი მესამე
შემეცნების შესახებ
§58. იმის შესახებ, თუ რა შთაბეჭდილებებსა და შეგრძნებებს წარმოშობს სულში მხედველობის ორგანო
მხედველობის ორგანოს შთაბეჭდილებები გაცილებით უფრო მრავალფეროვანია, მათი
საშუალებით სულში წარმოშობილი შეგრძნებები უფრო მრავალრიცხოვანია, და მაშასადამე,
თვისებები ნივთებისა და ცნებები, რომელთაც ისინი სულს აცნობებენ, უფრო
მრავალრიცხოვანია. მხედველბის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ: 1. განფენილობა
სიგრძესა და სიგანემი, 2. ფერები, 3. საგანთა ფიგურა, 4. სიდიდე, 5. მოძრაობა.
აქედან ცხადია, რომ სულის მიერ მხედველობის საშუალებით მოპოვებული წარმოდგენები იმ
წარმოდგენების მსგავსია, რომელთაც იგი შეხების გზით იპოვებს. ასე რომ
ხშირად ისინი სულში ერწყმიან და ძნელი ხდება გარჩევა, რა მოუპოვებია
სულს შეხების საშუალებით და რა - მხედველობის გზით.
საგანთა ფერები და სინათლისა და სიბნელის შეგრძნებებია ის წარმოდგენები, რომლებიც
მხოლოდ და მხოლოდ მხედველობას ეკუთვნიან და შეუძლებელია რომელიმე სხვა გრძნობის
მიერ იყონ მოტანილი. ყველა სხვა წარმოდგენა ამ ორი გრძნობის, მხედველობისა და
შეხების გრძნობის, ნაწარმოებია, ასე რომ სული მხედველობის შეგრძნებებს ყოველთვის
შეხებით ამოწმებს და პირიქით მაგრამ სულისათვის მხედველობის გრძნობის უდიდესი
მნიშვნელობა იმაშია, რომ იგი ზნეობრივ წარმოდგენათა ახალ სამყაროს აღმოაჩენს მეორე
ადამიანის მდგომარეობაში, მოძრაობებში და განსაკუთრებით, სახის ნაკვთებში. ჩვენ
მათში ვბედავთ არა მხოლოდ სივრცით ფარგლებს, არა მხოლოდ ჩრდილ-ნათელთა
გარდასვლებს, არა ნივთიერების ცივ ფორმებს, არამედ უმაღლესი სიცოცხლის გამოვლენებს,
გრძნობებისა და აზრების სიმბოლოებს. თოთო ბავშვიც ხვდება, რას ნიშნავს დედის სახეზე
ღიმილი, მისკენ მიმართული ჩუმი მზერა, ან წამწამზე დაკიდებული ცრემლი. ამ ნიშანთა
აზრი ბავშვებს ესმით ანგარიშმიუცემლად, მათ ჯერ კიდევ არ იციან, რომ ასეთ
შეგრძნებებს თვითონაც ასეთივე ფორმებით გამოხატავენ. სულის ეს ნიშნები უპირობოა და
ამის გამო საყოველთაოც. ძველებმა, რომელთაც ბევრი დაკვირვება აწარმოეს ამაზე, მთელი
ხელოვნება შექმნეს მისგან. ცნობილია ხელოვნება ერთი რომაელი მიმიკოსისა, რომელიც
იმპერატორ ნერონის დროს ცხოვრობდა. იგი სხეულის მოძრაობებით სრულიად გასაგებად
გამოხატავდა სულის ყველა აზრს, ასე რომ ბარბაროსთა ერთმა მეფემ გამოითხოვა იგი
იმისათვის, რომ ქვეშევრდომ სხვადასხვა ტომს შორის თარჯიმნად გამოსულიყო.
|
|