მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

პირველი განყოფილება

 

ადამიანის სულის ყოფიერების,
თვისებების და მოქმედებების შესახებ

 

თავი მესამე

 

შემეცნების შესახებ

 

§57. რას იგებს სული გემოსა და ყნოსვის საშუალებით?

 

გემო და ყნოსვა ყველა გრძნობებზე ნაკლებ შეგძნებებს აძლევენ სულს, თანაც ეს შეგრძნებები საკმაოდ განუსაზღვრელია. ეს გრძნობები, ადამიანს, ჩანს, მხოლოდ სხეულებრივი სიცოცხლის შენარჩუნებისათვის აქვთ მინიჭებული; და მათი შთაბეჭდლილებები მხოლოდ პირადია, სხეულებრივია, და სულის განვითარებისთვის დიდი სარგებლობა მათ ვერ მოაქვთ. მართლაც, განა ბევრი რამეს გაგება შეუძლია სულს ამ გრძნობების საშუალებით? რა ზოგადი იდეები ან ცნებები შეიძლება მან გამოიტანოს ამ შთაბეჭდილებათაგან? თვითონ ენაშიც წარმოდგენილია ისეთ სიტყვათა მცირე რაოდენობა, რომლებიც სხვადასხვა საგნების მიერ ამ გრძნობებზე გამოწვეულ შთაბეჭდილებებს აღნიშნავენ. ყველა სიტყვა გამოხატავს გარკვეულ და ზოგად ცნებებს საგანთა თვისებების შესახებ, მაგრამ სიმწარე, სიტკბო, სიმჟავე საკუთრივ ჩვენს გრძნობებს გამოხატავენ, თანაც რაც ერთს სასიამოვნო გემოდ მიაჩნია, მეორე მას ხშირად სასიამოვნოდ კი არ მიიჩნევს. არამედ, პირიქით. მაგრამ მიუხედავად გემოსა და ყნოსვის გრძნობათა შთაბეჭდილებების სიღარიბისა და განუსაზღვრელობისა, სულს ისინიც აწვდიან ცნობათა მცირე ნაწილს. და თუმცა ისინი სხვა გრძნობებზე ნაკლებად უწყობენ ხელს ადამიანის სულის განვითარებას, სამაგიეროდ სხეულებრივი სიცოცხლისათვის ისინი, ჩანს, სხვა გრძნობებზე უფრო მეტად არიან აუცილებელი.