მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

პირველი განყოფილება

 

ადამიანის სულის ყოფიერების,
თვისებების და მოქმედებების შესახებ

 

თავი მესამე

 

შემეცნების შესახებ

 

§55. რას ვიგებთ შეხების საშუალებით?

 

ჩვენი პირველი და მთავარი გრძნობა არის შეხების გრძნობა. უმარტივესი წარმოდგენები, რომელთაც ჩვენ შეხების გზით მოვიპოვებთ, შემდეგია: 1. წარმოდგენა ნივთის განფენილობისა, ანუ მისი შეუვალობისა, შემდეგ კი წარმოდგენა სივრცისა; 2. სხეულთა მეტი თუ ნაკლები სიმკვრივის წარმოდგენა; 3. სხვადასხვა ტემპერატურის წარმოდგენა. ამ წარმოდგენებიდან ვითარდვბა მრავალი სხვა წარმოდგენა, რომელთაც შეიძლება წარმოებული ვუწოდოთ. საგანზე ყოველი შეხებისას ჩვენ შევიგრძნებთ მისი ზედაპირის ერთ-ერთ მხარეს. როცა გავითვალისწინებთ საგნის შემომსაზღვრელ ყველა მხარეს და შევადარებთ მათ მდებარეობას ურთიერთის მიმართ, ჩვენ წარმოვიდგენთ ამა თუ იმ სხეულის ფორმას 4. როდესაც ჩვენ ერთ სხეულს მეორისგან განვასხვავებთ, ამით ვადგენთ რიცხვის ან რაოდენობის ცნებას (5). თუ ერთი სხეულის ფორმას ან განფენილობას მეორე სხეულისას შევადარებთ, ჩვენ ვამჩნევთ, რომ ისინი ერთმანეთის ტოლები არიან, ან არ არიან (6). აქედან მომდინარეობს შედარებითი სიდიდის ცნება. ამგვარადვე ვიგებთ ადგილთა და მანძილთა სხვადასხვა სიდიდეს. ფორმებსა და მანძილებს თავდაპირველად მხედველობით კი არ ვწვდებით, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, არამედ შეხების გზით, როგორც დაამტკიცა ცდებმა ბრმა ადამიანებზე, რომელთაც დაუბრუნდათ მხედველობა. როდესაც საგნის მხარეებს შეხებით ვსწავლობთ და არა ერთბაშად, არამედ თანდათანობით, ერთიმეორის შემდეგ, ასევე ვამჩნევთ, რომ საგანი ყოველთვის ერთნაირი მანძილით არაა დაცილებული ჩვენგან და ჩვენ ვნახულობთ ყოფიერების ახალ ნიშანს - მოძრაობას. საგანი თავის მდებარეობას იცვლის მეტი ან ნაკლება სიჩქარათ; მოძრაობის ერთნაირი სიჩქარისას სხვადასხვა მანძილებზე გადასვლა სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს; აქედან - წარმოდგენა მოძრაობის ხანგრძლივობის შესახებ, - დროზე. სიმაგრის (8), სიმკვრივის (9) და სიმძიმის (10) წარმოდგენებს მოვიპოვებთ იმ წინააღმდეგობების მეტი ან ნაკლები ხარისხების შედარების გზით, რომელთაც აწყდება შეხების ორგანო. ამრიგად მარტო ამ გრძნობას მქონე ადამიანიც, ის ადამიანიც კი, რომელაც ბუნებამ უბედური გააჩინა და მხედველობა და სმენა არ მისცა, პოულობს შემეცნებისა და ტკბობის უსაზღვრო წყაროს. ამ მხრივ მეტად ამაღევებელი და საყურადღებოა ცნობილი ინგლისელი ლიტერატორის, დიკენსის თხზულება „ამერიკაში მოგზაურობიდან" ერთი უბედური ქალიშვილის შესახებ, რომელიც მოკლებული იყო მხედველობას, სმენას და მეტყველების უნარს. ერთმა კეთილმა ექიმმა ის იმდენად აღზარდა, რომ ბევრი განყენებული საგნის ცნებაც კი შეათვასებინა.