მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

პირველი განყოფილება

 

ადამიანის სულის ყოფიერების,
თვისებების და მოქმედებების შესახებ

 

თავი მესამე

 

შემეცნების შესახებ

 

§54. რას იძენს ადამიანი შეგრძნების საშუალებით?

 

იმის შემდეგ, რაც ვაჩვენეთ, როგორ მოქმედებენ ჩვენი შეგრძნებები, გადავიდეთ იმის გადმოცემაზე, თუ რა ცოდნით გვამდიდრებენ ისინი. რადგან ყველა ჩვენს ცოდნას, ყოველივეს, რაც კი სულში არის, მოვიპოვებთ ზემოაღწერილი უნარების საშუალებით, ხოლო სულის უნართა შორის ყველაზე ადრე თავს იჩენს შეგრძნება, რომელიც, ამასთან, დანარჩენის საფუძველია; ამიტომ პირველ ცოდნას, ანუ უფრო სწორად თუ ვიტყვით, მომავალ შემეცნებათა პირველ ჩანასახებს ჩვენ შეგრძნებების მეშვეობით ვიპოვებთ. მაგრამ, იმას, რასაც ჩვენი გრძნობების გზით ვიპოვებთ, სხვადასხვა ფსიქოლოგები სხვადასხვა სახელს უწოდებენ. ზოგიერთი მათგანი ყოველივეს, რასაც ჩვენ გრძნობებით მოვიპოვებთ, იდეებს უწოდებს, ზოგი კი - წარმოდგენებს, ზოგიერთი - ცნებებსაც კი უწოდებს, თუმცა ეს უკანასკნელი სახელწოდება სწორი არაა, ჩვენ პირველ ორ სახელწოდებას ვიხმართ. ამასთან ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი შეგრძნებები მხოლოდ მაშინ წარმოადგენენ შემეცნების მასალას, როცა ყურადღება უკვე საკმარისად განმტკიცდა, რადგან მხოლოდ ყურადღების მეშვეობით ახერხებენ ადამიანები შეამჩნიონ და ერთმანეთს შეადარონ თავისი შეგრძნებები და, მაშასადამე, ცოდნად აქციონ ისინი.