|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი მესამე
შემეცნების შესახებ
§53. გრძნობადი დაკვირვებისა და განხალვის ახალი თეორია
ვნახოთ ახლა, როგორი თეორიით უნდოდათ შეეცვალათ შეგრძნებების ის ახსნა, რომელიც ემყარება ცდას და ცდისეულ დაკვირვებებს.
ამ თეორიას ეწოდება ცნობიერების გასვლა. „სხეულები და მათი პროცესები იმის გამო ექვემდებარებიან ცნობიერებას, რომ სული გადის მათკენ და მათთან უშუალო შეხებაში მოდის".
ამ სიტყვების გასამარტავად ნათქვამია, რომ ნერვული სისტემა არის არა გრძნობადი
შთაბეჭდილებებას გამტარი, არამედ ცნობიერების გამტარი მისი ცენტრიდან
საგნებისაკენ; რომ სული ცოცხლობს ყველგან ნერვულ სისტემაში, აღიქვამს
შთაბეჭდილებებს ადგილზე; რომ „სულს ისიც კი შეუძლია, გავიდეს ნერვული სისტემიდან,
თუმცა ამ დროს არ ტოვებს მას, და იმოძრაოს ნაწილობრივ სხეულთა მოქმედებებში,
სახელდობრ, ფერისა და ბგერის პროცესებში, ნაწალობრივ კი თვითონ სხეულებს მიაღწიოს;
რომ მგრძნობიარე ნერვებში ცნობიერება სხვადასხვა სახით, სხვადასხვა თავისუფლებით და
სიწმინდით მოძრაობს და ა.შ."
ამ თეორიის უდიდესი ნაკლი, ჯერ ერთი, ისაა, რომ იგი არის თეორია, რომელიც ისეთი
მოვლენის ასახსნელადაა გამოგონებული. რომელიც თავისთავადაა გასაგები. როდესაც ჩვენ
იმის ანალიზს ვახდენდით, თუ როგორ ხედავს, ისმენს და შეიგრძნებს ადამიანი თეორია კი
არ გამოგვიგონებია, არამედ თვითონ ადამიანს ვსწავლობდით, მივმართავდით ფიზიკასა და
ფიზიოლოგიას. მაგრამ განა სასაცილო არაა, მეტსაც ვიტყოდი, განა მეცნიერებისა და
საღი აზრის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული არაა, როცა თეორიას იგონებენ იქ, სადაც
იგი არა მარტო საჭირო არაა, არამედ ეწინააღმდეგება კიდეც ცდას! ეს იგივეა ფიზიკას
რომ სინათლის მოძრაობის და მოქმედებებას კანონების ასახსნელად აეგო თეორია იმის
ნაცვლად, რომ ჩაეტარებინა ცდები. ამრიგად, ჩვენ მიერ განხილული ეს თეორია მეტად
გონებამახვილურიც რომ იყოს, მაშინაც სასარგებლო აქნებოდა.
მეორე, ფიზიოლოგიამ ნათლად დაამტკიცა, რომ ორგანოების ყველა შთაბეჭდილება გადაეცემა
ტვინს, იქიდან კი სულს. ეს, ვამბობ, უდავო ფიზიოლოგიური ფაქტია. აქ კი, პირიქით,
იმას ამტკიცებენ, რომ სული გამოდის ტვინიდან და შეხებაში მოდის საგნებთან.
მაგრამ ნუთუ მხედველობის ნერვის გადაჭრა ხელს უშლის სულს გამოვიდეს ტვინიდან და შეხებაში
მოვიდეს სხეულთან? თანაც რა საჭირო იყო თვალი ასე შესადაგებოდა სინათლის კანონებს, ყური კი -
ბგერების კანონებს, თუ სული მათგან მხოლოდ უნდა გამოვიდეს? ფიზიოლოგიას ათასობით
საბუთი მოჰყავს იმის ნათელსაყოფად, რომ თვალის ნერვის გაღიზიანების გარეშე,
ფიზიკური მიზეზის მიერ მასში აღძრული შთაბეჭდილების გარეშე არ არსებთბს
სინათლის შეგრძნება. - აი, ერთი მარტივი ცდა, რომელიც ყოველთვის შეუძლია ჩაატაროს
ყველამ. დახუჭეთ თვალი და თითი ისე დააჭირეთ ქუთუთოს, რომ თვალის კაკალი უკან
დაიწიოს: თქვენ დაინახავთ თუ შეიგრძნებთ წრეს - ბნელ ცენტრს, რომელსაც გარს აკრავს
ცისარტყელას რამდენიმე ფერისაგან შემდგარი ნათელი რგოლი, განსაკუთრებით მკაფიოდ
იბრწყინებს მასში ყვითელი ფერი. ვიკითხოთ, საიდან წარმოსდგა ეს შეგრძნება და სად
გავიდა სული მის მისაღებად? ცხადია, რომ აქ შეგრძნება წარმოქმნა მხოლოდ მხედველობის
ნერვის გაღიზიანებამ და სულმა შეიგრძნო ეს გაღიზიანება ისე, რომ არსად გასულა.
ასეთივეა ის ცდაც, რომელზეც ჩვენ პირველ თავში ვლაპარაკობდით, სახელდობრ: თუ მთავარი
გრძნობების ხუთი ნერვიდან თითოეულში გავატარებთ გალვანურ დენს, ადამიანი მიიღებს
თითოეული ორგანოს შესატყვის შეგრძნებებს.
რამდენი სასაცილო რამაა ამ თეორიაში! მისგან, მაგალითად, გამომდინარეობს, რომ, თუ
ჰერშელმა თავისი გიგანტური ტელესკოპით ცაში ნისლოვანი ლაქები დაინახა, ეს იმის გამო
მოხდა, რომ მისი სული ტელესკოპის გავლით შეხებაში მოვიდა მათთან. დიდებული დოღი
გაუმართავს ჰერშელის სულს!
მესამე. ნათქვამია, რომ ნერვული სისტემა მოწყობილია არა იმისათვის, რომ გრძნობადი
შთაბეჭდილებები მიიღოს, არამედ იმისათვის, რომ მისი საშუალებით გაიაროს ცნობიერებამ,
რომ სული შთაბეჭდილებებს აღიქვამს ნერვების გაღიზიანების ადგილას და სხვ. ყოველივე
ეს კიდევ უფრო ეწინააღმდეგება ცდას, ფიზიოლოგიასა და ფიზიკას. კვლავ ვიმეორებ და
მუდამ გავიმეორებ, რომ თუ ფსიქოლოგია ასე აშკარად მოვა წინააღმდეგობაში დასაბუთებულ
ფაქტებთან, იგი დაკარგავს ზუსტი აზროვნების მქონეთა უკანასკნელ ნდობას. ფაქტებისა
და ცდებისაგან ეს გადახრა იყო მიზეზი ფილოსოფიის დაცემისა, მიზეზი მის მიმართ
საზოგადოების გაცივებისა და უპატივცემულობისა, ასეთი გრძნობები კი მეტად საზიანოა
აზროვნების წარმატებისათვის. განა უკეთესი არ იქნებოდა იმის ნაცვლად, რომ
წინააღმდეგობაში მოვიდეთ ცდსეულ მეცნიერებებთან, გამოგვეყენებინა ისინი სულის თვისებათა
გამოკვლევისა და ახსნისათვის!
|
|