მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

პირველი განყოფილება

 

ადამიანის სულის ყოფიერების,
თვისებების და მოქმედებების შესახებ

 

თავი მესამე

 

შემეცნების შესახებ

 

§52. შეგრძნებების ასეთი ახსნის საწინააღმდეგო აზრები

 

მაგრამ ბევრს მიაჩნია, რომ შეგრძნებათა ასეთი ახსნა სწორი არ არის.

 

ნოვიცკის „ფსიქოლოგიაში" წამოყენებულია ოთხი მთავარი ნაკლი შეგრძნებების ახსნისა, რომელიც ჩვენს მიერაა შემოთავაზებული.

 

1 . გრძნობადი დაკვირვების, როგორც შინაგანი პროცესის ცნებას უარყოფს ის, რომ თავისი არსებობისათვის იგი უნდა გულისხმობდეს გარეგანი სინამდვილის სრულიად სხვა უშუალო დაკვირვებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნებოდა მოაზრებადი, გრძნობადი შთაბეჭდილებისათვის თვალი მიგვედევნებინა გარეგანი საგნებიდან, გარემოს გავლით, გრძნობის ორგანომდე და ორგანოდან, ნერვების გავლით, ვიდრე სულამდე, რადგანაც სულში შემოსული ყოველი შთაბეჭდილება იქნებოდა უბრალო წარმოდგენა საგნის შესახებ და არა ჩვენში მყოფი საგანი თვითთნ. ამრიგად, გრძნობადი დაკვირვების პროცესის ძველი თეორია, როცა იგი თავის თავის განსაზღვრას ეცდება, თვითონვე გადის იმ წარმოდგენათა სფეროდან, რომლებითაც იგი ცდილობდა შემოეფარგლა დაკვირვება.

 

ამ საწინააღმდეგო აზრის მთელი უსაფუძვლობის საჩვენებლად საკმარისია ითქვას, როს იგი უარყოფს ორგანოებზე საგანთა მიერ გამოწვეულ შეგრძნებათა ნამდვილობას, მაშასადამე, უარყოფს მზეზე უფრო ნათელ ფაქტს, ფაქტს, რომელიც დამტკიცებულია ცდით, მეცნიერებებით და ჩვენი საკუთარი დაკვირვებით. ასეთი ფაქტის უარყოფა ნიშნავს საღი აზრის წინააღმდეგ წასვლას, ყოველ ცდასა და ზუსტ მეცნიერებასთან დაპირისპირებას. სწორედ ამგვარი მტკიცებების, დადებით მეცნიერებებთან ამგვარი წინააღმდეგობების გამო დაჰკარგა ფილოსოფიამ პატივისცემა ბევრი ადამიანის თვალში. თუ ფსიქოლოგიას არ უნდა იყოს ოცნებებზე დამყარებული მეცნიერება, მან თავისი დასკვნების ამოსავლად უნდა მიიღოს ფაქტები და არა უარყოს ისინი.

 

გარდა ამისა, სამართლიანი არ არის შენიშვნა, რომ შეუძლებელია თვალი მივადევნოთ გრძნობად შთაბეჭდილებებს მარტო შეგრძნებების საშუალებით. ღმერთმა იმიტომ მოგვანიჭა განსჯის უნარი, რომ ჩვენ ვიაზროვნოთ, შევისწავლოთ, მივაგნოთ და გავიგოთ მოვლენათა მიზეზი და არსი. და განაზრებებმა სწორად მიიყვანა ადამიანები იმის გაგებამდე, თუ როგორ წარმოიშობიან შთაბეჭდილებები გარეგანი მოვლენებიდან და როგორ აღძრავენ ჩვენში შეგრძნებებს.

 

მეორე საწინააღმდეგო აზრი გამოთქმულია სიტყვებით: „გაუგებარია, როგორ შედიან გრძნობადი შთაბეჭდილებანი სულში ნერვების გავლით". მართალია, ჩვენ არ შეგვიძლია ვიცოდეთ როგორაა, რომ ზოგიერთი ნერვის გაღიზიანება სულში მხედველობის შეგრძნებას იწვევს, სმენისა კი - სმენის, ტკივილის, სუნის და სხვა შეგრძნებებს, მაგრამ ეს საიდუმლო სულისა და სხეულის გაერთიანების საიდუმლოებაში მდგომარეობს. ეს ყოფიერების ერთ-ერთი გადაუჭრელი საიდუმლოებაა. მაგრამ თუ რომელიმე ფაქტი გაუგებარია, განა ეს ნიშნავს იმას, რომ იგი არც არსებობს? არის ათასი ისეთი მოვლენა, რომელიც ნამდვილად არსებულია, მაგრამ გაუგებარია. და თუ ზემოხსენებულ „ფსიქოლოგიაში" შემოთავაზებული თეორია აგვიხსნიდა ამ საიდუმლოს, მაშინ შეიძლებოდა თამამად დავთანხმებოდით მას.

 

მესამე საწინააღმდეგო აზრი შემდეგია. „გაუგებარია, როგორ განაგებს სული მის მიერ მიღებულ შთაბეჭდილებებს". ავტორი გვიხსნის ამ აზრს და ამბობს, რომ ნერვების გაღიზიანებები უსასრულოდ მრავალგვარი უნდა იყოს, მაგრამ როგორ არჩევს სული, რომელი შეგრძნებები რომელ გამღიზიანებელთაგან მოდის? როგორ შეუძლია მას იცნოს, რომელი შთაბეჭდილება არის ფიგურა, რომელი - გემთ, სუნი და ა.შ.? საიდან იცის მან, რომ გარკვეული შთაბეჭდილება არის ქალაქი, ცხენი და სხვ.; შემდეგ, როგორ შეუძლია სულს გარკვეული შთაბეჭდილებები თვალს მიაწეროს, სხვები - ყურს და ა.შ.? მაგრამ ეს საწინააღმდეგო აზრი მეტად სუსტია. სულისათვის არავითარ სიძნელეს და მით უმეტეს, შეუძლებელს არ წარმოადგენს გაარჩიოს შეგრძნებები, როცა ისინი თავისთავად ესოდენ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. როცა მე თვალები გახელილი მაქვს, ვიღებ გარკვეულ შთაბეჭდილებებს, ხოლო როცა მათ დავხუჭავ, შთაბეჭდილებები გაქრებიან; როცა ყურებს დავიცობ, აღარა მაქვს შეგრძნებები, რომელთაც ბგერებს ვუწოდებთ; როცა მე ჩემს წინ ვხედავ საგანს, რომელსაც სახლს ვუწოდებ, საკმარისია მზერა სხვაგან გადავიტანო, რომ სახლი გაქრება ჩემთვის და სხვა შეგრძნება დაიჭერს მის ადგილს. ერთი სიტყვით, ბუნება და ცდა ადვილად გვასწავლის, განვასხვავოთ სხვადასხვა შთაბეჭდილებები და შეგრძნებები და მივაკუთვნოთ ისინი გარკვეულ საგნებს, ამიტომ უცნაურია იმის კითხვა, საიდან ვიცით, რომ ერთი გარკვეული შთაბეჭდილება სახლია, მეორე კი - ცხენი. ჩანს სახლისა და ცხენის შთაბეჭდილებები ერთმანეთისგან დიდად განსხვავდებიან, რის გამოც მათი განსხვავებაც ძნელი არ არის.

 

ბოლოს, როგორც ყველა ამ საწინააღმდეგო აზრის შედეგი, ავტორს გამოყავს, ცდის ყველა მოწინააღმდეგესთან ერთად, ის აზრი, რომ თუ ცდაში მოცემული საგნები მხოლოდ გრძნობადი წარმოდგენებია, მაშინ ჩვენ არ გვეცოდინება საგნები მათს რეალობაში და იდეალიზმამდე მივალთ.

 

მაგრამ, წინა პარაგრაფში ჩვენ ვნახეთ, რომ, ჯერ ერთი, ჩვენი შეხების გრძნობა გვიჩვენებს საგნებს ისე, როგორც ისინი არიან სინამდვილეში, რადგან სიმკვრივე, განფენილობა და სხვა ამგვარნი შეგრძნებებშიც ისეთივენი არიან, როგორც სინამდვილეში. მეორე, ჩვენი თვალებიც საგანთა ფიგურას, სიდიდეს, მანძილს და მდებარეობას სრულიად ამის მსგავსად წარმოგვიდგენენ, როგორც სინამდვილეშია. და მესამე, ჩვენს სხვა შეგრძნებებსაც, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, იწვევენ რეალური მოვლენები, რადგანაც გარკვეული მიზეზები რომ არ არსებულიყო, ჩვენ არ გვექნებოდა ბგერის შეგრძნებები, რომ არ ყოფილიყო ატომები, რომელთაც შეუძლათ სულის გრძნობის აღძვრა, არ გვექნებოდა სულის შეგრძნებები. ერთი სიტყვით, ყველა ჩვენი შეგრძნება საუკეთესო საშუალება საგნის ნამდვილი თვისებების შესასწავლად. ფიზიკის ორი უმნაშვნელოვანესი ნაწილი, ოპტიკა და აკუსტიკა, თავის განვათარებას მხედველობასა და სმენას უნდა უმადლოდეს.