მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

პირველი განყოფილება

 

ადამიანის სულის ყოფიერების,
თვისებების და მოქმედებების შესახებ

 

თავი მესამე

 

შემეცნების შესახებ

 

§51. თვითონ მოვლენებთან ჩვენი შეგრძნებების მიმართების შესახებ

 

გრძნობების ანალიზიდან, რომელიც წარმოდგენილი იყო პირველ თავში, ჩვენ ნაწილობრივ ისიც ვნახეთ, თუ რა დამოკიდებულებაა ჩვენს შეგრძნებებსა და თვითონ ბუნების საგანთა და მოვლენათა ყოფიერებას შორის. მხედველობა შედგება ფერების, ფიგურების, სიდიდეების, მანძილებისა და სხვა შეგრძნებებისაგან, ყველა ამ შეგრძნებას, ცხადია, თავისი მიზეზი აქვთ მათ შესატყვის მოვლენებში, მაგრამ ფერის შეგრძნება არ ჰგავს მის წარმომქმნელ ფიზიკურ მიზეზს. სინათლე, როგორც ჩვენი შეგრძნება, არა ჰგავს იმ ფიზიკურ მოვლენას, რომელმაც იგი წარმოშვა ჩვენში. ჩვენში ამ შეგრძნების წარმომქმნელი გარეშე მიზეზი ნამდვილად არსებობს ბუნებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა გვეფიქრა, რომ სინათლის შეგრძნებას ჩვენ თვითონ აღვძრავთ ჩვენში; მაგრამ ეს მიზეზი განსხვავდება თვითონ შეგრძნებისაგან. ხოლო საგანთა ყველა სხვა თვისება, რომელთაც ჩვენ მხედველობის გზით ვიღებთ, როგორიცაა ფიგურა, სიდიდე, მანძილი, უდავოდ, ბუნებაშიც ისეთივენი არიან, როგორიც ჩვენს შეგრძნებაში. სხეულებს, რა თქმა უნდა, აქვთ დამასრულებელი ხაზები და შემოწერილობანი, როძელთაც ჩვენ ფიგურებს ვეძახით, მათ ასევე აქვთ შეფარდებითი სიდიდე და მანძილი და ა.შ.

 

სმენის დამოკიდებულება ფიზიკურ მოვლენებთან სავსებით მსგავსია მათთან მხედველობის დამოკიდებულებისა. აქ ფიზიკური მიზეზი - ჰაერის ტალღისებური მოძრაობა - და ბგერების მოძრაობა ორი განსხვავებული საგანია, მაგრამ, ვიმეორებ, ბგერების მიზეზი მაინც რეალურა მოვლენაა, იგი შესასწავლადია, მისი კანონები სწორად და მკაფიოდაა განსაზღვრული.

 

სუნი, როგორც ჩვენი შეგრძნება. განსხვავდება მისი ფიზიკრი მიზეზისაგან, რადგან სუნი ჩვენი და სუბიექტური მოვლენაა, მისი მიზეზი კი - უმცირესი ნაწილაკებია, რომელთაც უნარი აქვთ გამოიწვიონ ის გაღიზიანება, რომელიც ჩვენში აღძრავს სუნის შეგრძნებას.

 

გემოც ჩვენი შეგრძნებაა, რომლის მიზეზი ზოგიერთი საგნის გარკვეული მდგომარეობაა. შეხება, თუ სითბოსა და სიცივეს არ მივაკუთვნებთ მას, გვიჩვენებს საგნებს სრულიად ისეთებად, როგორიც არიან ისინი სინამდვილეში. როცა მე ხელით შევიგრძნებ სხეულთა სიმკვრივეს ან მათ ფიგურას, აქ შეუძლებელია რაიმე განსხვავება იყოს მოვლენასა და მას შეგრძნებას შორის. სწორედ ამის გამო ამბობენ, რომ მხოლოდ შეხება გვაწვდის ჩვენ შეუცდომელ ცნობებს საგანთა ყოფიერების შესახებ, სხვა გრძნობათა შთაბეჭდილებები კი ყოველთვის მოითხოვს განსჯის მიერ შემოწმებასა და ანალიზს.