მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

პირველი განყოფილება

 

ადამიანის სულის ყოფიერების,
თვისებების და მოქმედებების შესახებ

 

თავი მესამე

 

შემეცნების შესახებ

 

§50. შეგრძნებათა უფრო დეტალური ანალიზი

 

სანამ იმას გამოვიკვლევდეთ, თუ რას გვასწავლიან შეგრძენებები, მივმართოთ მათ უკანასკნელ და უფრო დეტალურ ანალიზს.

 

იმისათვის, რომ სწორად გავიგოთ გრძნობათა მოქმედება, საჭიროა გვახსოვდეს, რომ ყოველი შეგრძნება სამი რაიმესგანაა აგებული. ესენია: 1. ფიზიკური მოვლენა ანუ მათი გამომწვევი გარეგანი მიზეზი; 2. ფიზიკური შთაბეჭდილება ანუ ცვლილება, რომელიც სხეულის ორგანოში ხდება, და 3. თვითონ შეგრძნება.

 

1. ჩვენი შთაბეჭდილებებისა და შეგრძნებების ფიზიკურ მიზეზებს წარმოადგენენ ჩვენს გარეთ არსებული ის მოვლენები, რომელთაც ძალა შესწევთ გამოიწვიონ ჩვენს ორგანოებში გარკვეული ცვლილებები - შთაბეჭდილებები. ასეთი მოვლენები აურაცხელი რაოდენობისაა, მაგრამ ისინი რამდენიმე ჯგუფად იყოფა იმ ორგანოების მიხედვით, რომლებზედაც ახდენენ ზემოქმედებას. მოვლენათა ყველაზე დიდი ჯგუფი მოქმედებს მხედველობის ორგანოზე. მათ განეკუთვნებიან საგანთა ფერი, ფიგურა, სიდიდე, მანძილი, მათი ურთიერთმიმართება და სხვ. მოვლენათა რამდენადმე უფრო მცირე ჯგუფი ზემოქმედებს შეხების ორგანოზე, უფრო ნაკლები - ყნოსვასა და გემოზე, ხოლო ყველაზე მცირე - სმენაზე, რომელსაც შეუძლია შეაფასოს მხოლოდ ბგერათა თვისებები და მათი მანძილები. მაგრამ საინტერესოა, რომ ყველა ეს მოვლენა ჩვენს ორგანოებზე ერთი და იმავე გზით მოქმედებს, სახელდობრ მექანიკური შეხების ან დაჯახების გზით, რის გამოც ვიღაცას მახვილგონივრულად შეუნიშნავს - ყველა გრძნობა სახეშეცვლილი შეხების შეგრძნებააო. და მართლაც: მხედველობისას სინათლის სხივები თვალზე უშუალო შეხების გზით მოქმედებენ; სმენის შემთხვევაში ტალღისებურად მოძრავი ჰაერი აღიზიანებს ყურს. სუნის შეგრნებისას სუნიან სხეულთა ნაწილაკები ეხებიან ცხვირის აპკს; გემოსა და შეხების შემთხვევაში კი თავისთავად ცხადია მექანიკური შეხების მექანიზმი.

 

2. უფრო ძნელია ყველა ნაწილში განვსაზღვროთ გრძნობის ორგანოების ცვლილებები ანუ ფიზიოლოგიური შთაბეჭდილებები, ე.ი. შეიძლება გავიგოთ რა ხდება ორგანოების ყველაზე გარეგან ნაწილებში, მაგრამ მეტად ძნელია ამის შემდეგ მივადევნოთ თვალი შთაბეჭდილებას. მხედველობის ორგანოში აიგება საგნის ფიზიკური გამოსახულება; სმენის ორგანო შეირხევა, ანუ რხევით მოძრაობაში მოდის; გარკვეული სახით ღიზიანდებიან ცხვირისა და ენის აპკები. მაგრამ რა ხდება ამის შემდეგ მხედველობის, სმენის, შეხების, ყნოსვის და სხვა ნერვებში? რა გზით გადააქვთ მათ შთაბეჭდილება ტვინში? ფიზიოლოგია პასუხობს, რომ ეს ხდება რაღაც ნერვული საწყისის თუ ნერვული სითხის წრეობრივი მოძრაობის გზით.

 

კიდევ უფრო ძნელია გავიგოთ, თუ როგორი ფორმით აისახება ტვინში ეს შთაბეჭდილებები, ანდა, სხვანაირად რომ ვთქვათ, რა ხდება მათი მეშვეობით ტვინში. ალბათ აქ კვლავ ვხვდებით რაღაც მექანიკურ გაღიზიანებებს, ანდა, იქნებ, ტვინის რბილი ნივთიერების გარკვეულ ქიმიურ ცვლილებებს, ალბათ განსხვავებულებს, განსხვავებული ნერვების ზეგავლენით წარმოშობილთ.

 

ბოლოს, მესამე. ყველა ამ ფიზიკური მიზეზის შედეგი არის ხოლმე შეგრძნება, ე.ი. მხედველობა, სმენა, სუნი, გემო, ტკივილი, სიცხე, სიცივე და სხვ. პირველ თავში უკვე დამტკიცდა, რომ თავად ეს შეგრძნებები სულიერი მოვლენებია.