|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი მეორე
სულიერ უნართა ანალიზი
ბ) მოქმედებისეული უნარების ანუ ძალების შესახებ
§48. შეიძლება თუ არა სულის უნარები დავყოთ დაბალ და მაღალ უნარებად?
კიდევ ერთი გარემოებაა, ჩვენი აზრით, განსაკუთრებით უცნაური ყველა ფსიქოლოგიურ გამოკვლევაში
სულის უნართა შესახებ. ესაა უნარების დაყოფა მაღალ და დაბალ უნარებად. ასეთ დაყოფას
არა მარტო არა აქვს არავითარი საფუძველი, არამედ იგი მიუთითებს სულისა და მისი
უნარების უცოდინარობაზე.
ჯერ ერთი, სულის უნარები ძალზე მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, ერთმანეთს შეიცავენ
და იმდენად განუყოფლად და ერთდროულად მოქმედებენ, რომ საკმარისია სულს თუნდაც
ერთ-ერთი მათგანი მოაცილოთ, თუნდაც ის, რომელსაც დაბალს უწოდებენ, რომ სული საერთოდ
ვერ შეძლებს აზროვნებას. მაგალითად, ყურადღება არის შემეცნებითი ძალის პირველი
გამოვლინება საერთოდ, მაგრამ წაართვით იგი სულს და სული ვერ ისწავლის ვერაფერს.
მეორე, თუმცა შეიმჩნევა ზოგიერთი განცალკევებულობა შემეცნებითი უნარებისა
მოქმედების უნარებისაგან, მაგალითად, შეიძლება ადამიანი შესანიშნავად აზროვნებდეს
და იმეცნებდეს, აგრეთვე ძლიერი სურვილები ჰქონდეს, მაგრამ არ ჰქონდეს ნებისყოფა, და
მაინც ეს განცალკევებულობა ჩვენ უფლებას არ გვაძლევს განვიხილოთ თვითონ ნება სხვა
უნართა მთლიანობისაგან გამოცალკევებით, რამდენადაც ნება მაინც სხვა უნართა შედეგია
და მათ გარეშე არ არსებობს.
მესამე. სულის უნარები თვითონ სულის გამოვლინებებია. სადაც სული მოქმედებს რომელიმე
ერთი თავისი ძალით, იქ აუცილებლა არის უკვე სხვა ძალები და უნარები, იქ არის მთელი
სული და ძნელია წარმოვიდგინოთ ან ვნახოთ შემთხვევა, სადაც სული მხოლო ერთი უნარით
მოქმედებს თავის სხვა ძალთა ყოველგვარი მონაწილეობის გარეშე.
ამრიგად, სწორი აზროვნებისათვის სულის ყველა უნარი თანაბრად აუცილებელია, რის
გამოც სწორი არაა მათი დაყოფა დაბალ და მაღალ უნარებად. მაგრამ თუ უნაყოფოა მათი
დაყოფა დაბალ და მაღალ უნარებად, მაშინ რაღა უნდა ითქვას იმის შესახებ, რომ ზოგიერთ
ხელნაწერ „ფსიქოლოგიებში" თვით სულს ან მოაზროვნე არსებას ყოფენ ორ ნაწილად -
დაბალ და მაღალ ნაწილებად და პირველს დაბალ უნარებს მიაწერენ, მეორეს კი -
მაღალთ. ცხადია, აქ თავს იჩენს სინამდვილის უცნაური და სრულიად გაუმართლებელი
შეცვლა თეორიით, რასაც ჰიპოთეზების სიყვარულის გამო სჩადიან.
|
|