მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

პირველი განყოფილება

 

ადამიანის სულის ყოფიერების,
თვისებების და მოქმედებების შესახებ

 

თავი მეორე

 

სულიერ უნართა ანალიზი

 

ბ) მოქმედებისეული უნარების ანუ ძალების შესახებ

 

§45. ცნობიერება და თვითცნობიერება

 

სულს შეუძლია თავისი ყურადღება მიაპყროს, და მართლაც აპყრობს კიდეც, საკუთარ მოქმედებებს. მას შეუძლია საკუთარი თავი და საკუთარი ყოფიერება თავისი მსჯელობის, თავისი დასკვნების საგნად აქციოს, და მისი ეს მოქმედება არის ცნობიერება ან თვითცნობიერება. ბუნებრივია, რომ ჩვენი ყოველი შინაგანი სულიერი მოვლენა, მარტივი შეგრძნებებიდან დაწყებული ვიდრე გონების ყველაზე უმაღლეს მოქმედებამდე - დასკვნამდე, ჩვენ თვითონ ჩვენს თავზე მიგვითითებს, შთაგვაგონებს ჩვენი ყოფიერების გრძნობას. მართლაც, როცა მე რაიმეს შევიგრძნებ, ამ შეგრძნებას ჩემს თავს მივაწერ; როცა რეფლექსიისას ფიქრს ვეძლევი, მე მაქვს აზრი ჩემს შესახებ. უფრო მეტად მიგვითითებს ჩვენს თავზე ჩვენი სურვილისეული უნარები, რადგანაც გასაჭირი, მოუსვენრობა, სურვილები, ვნებები ისეთ მოვლენებს წარმოადგენენ, რომელთა საგანი სარბიელი არის ჩვენი საკუთარი ყოფიერება, ჩვენი მე. ამიტომ ცხადია, რომ ყველა ამ მოვლენის შემთხვევაში ჩვენ ყველაზე მეტად ჩვენს თავზე ვფიქრობთ, ჩვენს ყოფიერებაზე, ჩვენს საჭიროებებსა და მოთხოვნილებებზე. მაშასადამე, ცნობიერება არის უნარი, რომელიც თან ახლავს ყველა სულიერ მოქმედებას: იგი შემადგენელ ნაწილად შედის ყველა სხვა უნარში. თუ ცნობიერება საჭიროა და შესაძლებელი გავარჩიოთ თვითცნობიერებისაგან, შეიძლება ითქვას, რომ ცნობიერება არის რაიმეს წმინდა შეგრძნება, გრძნობა, თვითცნობიერება კი არის გრძნობა ანუ, უფრო სწორად, გამოყოფილი წარმოდგენა ანუ აზრი საკუთარი თავის, საკუთარი ყოფიერების შესახებ. ბავშვს აქვს ცნობიერება, რადგანაც მას აქვს შეგრძნებები, მაგრამ არა აქვს თვითცნობიერება, რადგან მას ჯერ კიდევ არ შეუძლია იმსჯელოს და ჯერ კიდევ არ შეუდგენია ცნებები თავისი ყოფიერების შესახებ, მას ჯერ კიდევ არ გამტკიცებია ყურადღება. ასევე უნდა ითქვას ცხოველებზე. მათ აქვთ ცნობიერება, რამდენადაც გრძნობენ თავის თავს, განასხვავებენ მას სხვა საგნებისაგან, მაგრამ მათ არა აქვთ თვითცნობიერება, რამდენადაც მათ არ შეუძლიათ თავის თავზე იაზროვნონ, აწ წარმოიდგინონ მე.