|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი მეორე
სულიერ უნართა ანალიზი
ბ) მოქმედებისეული უნარების ანუ ძალების შესახებ
§37. გასაჭირი
ადამიანი იბადება და ცხოვრობს გარკვეული გაჭირვებებით და მოთხოვნილებებით, რომელთა დაკმაყოფილებაც შეადგენს მისი ამქვეყნიური მოქმედების საგანს. ამიტომ ადამიანში მამოძრავებელ ძალთა გამოვლენის თავდაპირველი აღმძვრელი გასაჭირია. სიტყვა „გასაჭირი" რომ უფრო კარგად გავიგოთ, საჭიროა გვახსოვდეს, რომ ადამიანისათვის გასაჭირად, მოთხოვნილებად იქცევა არა მარტო ბუნებრივ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება, არამედ, თვითონ ჩვეული სიამოვნების
არქონებაც კი. სიტყვა „ტანჯვა" ჩვეულებრივ ესმით როგორც რაიმე არასასიამოვნოს გრძნობა, მაგრამ იმ სიამოვნების არქონებაც, რომელსაც ჩვენ შევჩვევივართ, ასეთსავე უსიამოვნებას ბადებს ჩვენში. არ გქონდეს რაიმე იგივე როდია, რაც გაკლდეს რაიმე. თუ ჩვენ არა გვაქვს ის, რაც არასოდეს არა გვქონია და რასაც არ მივჩვევივართ, ეს ჯერ კიდევ არ არის გასაჭირი. მაგრამ თუ ჩვენ დაგვაკლდა ის, რასაც მივჩვევივართ, ჩვენს წინაა დანაკლისი, გასაჭირი.
|
|