|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი მეორე
სულიერ უნართა ანალიზი
ა) შემეცნებითი უნარების შესახებ
§35. მეხსიერება
როდესაც სული ყურადღებას ძაბავს იმისათვის, რომ განაახლოს თავის
თავში ყოველივე, რაც მასში ადრე ყოფილა, ე.ი. ყველა შეგრძნება, წარმოდგენა,
დასკვნა, მსჯელობა, ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც უნართა მეშვეობით მოუპოვებია, მის
ამ მოქმედებას მეხსიერება ეწოდება. მეხსიერება შედგება შემდეგი სამი ნაწილისაგან:
1. აღქმა, 2. შენახვა ანუ საკუთრივ მეხსიერება, და 3. გახსენება.
მეხსიერებამ რომ შეძლოს შეინარჩუნოს ყოველივე, რაც მას შესანახად გადასცემია,
საჭიროა სულმა მოიხმაროს ყურადღების სათანადო ძალა. მეხსიერებაში მტკიცედ მხოლოდ ის
ინახება, რაზეც მიმართული იყო მტკიცე და, ასე ვთქვათ, დაძაბული ყურადღება სულისა, ხოლო ის,
რამაც მხოლოდ გაიელვა მის წინ, რაც წამიერი ყურადღების საგანი იყო, არასოდეს არ
შეიძლება მეხსიერების ველში შევიდეს.
საკუთრივ მეხსიერება არის ის ძალა, რომელიც ინახავს ყოველივეს, რაც სულში ყოფილა,
რომ პირველი მოთხოვნისთანავე გამოაჩინოს თავისი მარაგი. სულის ეს უნარი, ჩანს,
ყველაზე უფრო ძნელი გასაგებია. მართლაც, სად და როგორ ინახავს სული სახლების, საგნების,
მსჯელობების, რიცხვების, მოვლენების, ხატების ასეთ სიმრავლეს, ერთი სიტყვით, ყოველივე
იმას, რაც ნახა და გაიგო მრავალი წლის მანძილზე? რა სახით ინახება მეხსიერებაში
ყოველივე ეს, ე.ი. ფაქტობრივად, თუ მხოლოდ როგორც შესაძლებლობა - განაახლოს კვლავ
ყოველივე, რაც სულში ყოფილა? ამ საკითხის გადაჭრაზე ბევრს მუშაობდნენ მეცნიერები,
რომლებმაც ათასობით ვარაუდი გამოთქვეს ამ უნარის არსის ასახსნელად.
დანამდვილებით მხოლოდ ერთი რამაა ცნობილი, სახელდობრ, რომ მეხსიერებაზე
უდიდესი გავლენა აქვს ორგანიზმის, განსაკუთრებით კი ტვინის, ჯანმრთელობას. მძიმე
დაავადებები ასუსტებენ მას, ხოლო ტვინის უმცირესი აშლილობებიც კი დიდი ხნით სპობენ მას.
განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ადამიანს ავადმყოფობის შემდეგ ზოგჯერ
ავიწყდება თავისი წარმოდგენათა ნაწილი და ხშირად - ერთგვაროვანი წარმოდგენები,
მაგალითად, რიცხვების წარმოდგენები, ან საკუთარი სახელები, ან რომელიმე
უცხო ენა და ა.შ. მეხსიერება აგრეთვე სუსტდება მოხუცებულობისა და მოუწესრიგებელი ცხოვრების შედეგად.
ყოველივე ეს უფლებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ამ უნარის მოქმედებაზე დიდ
გავლენას ახდენს ტვინი, რის გამოც მეხსიერების ფიზიკურ მიზეზს ზოგიერთების აზრით, უფრო სავარაუდოა
წარმოადგენდეს ტვინის ჩვევა, ანუ ის შთაბეჭდილებები, ის კვალები, რომელთაც იდეები და
აზრები ტოვებენ ტვინში, და რომლებიც ადვილად განახლდებიან ყოველ ხელსაყრელ შემთხვევაში. ამ
შეხედულებას უფრო დაწვრილებით მომდევნო თავში განვიხილავთ.
მხსიერების თავად მოქმედებას ეწოდება მოგონება. მისი თვისებები და ღირსებები
დამოკიდებულია მეხსიერების იმ ნაწილებზე, რომლებიც აქამდე განვიხილე.
|
|