მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

პირველი განყოფილება

 

ადამიანის სულის ყოფიერების,
თვისებების და მოქმედებების შესახებ

 

თავი მეორე

 

სულიერ უნართა ანალიზი

 

ა) შემეცნებითი უნარების შესახებ

 

§34. დასკვნა

 

ზოგიერთი სიტყვებით გამოხატული მსჯელობა ფარულად შეიცავს სხვა მსჯელობას. მაგალითად, როცა მე ვამბობ. „პეტრე არის ადამიანი", ამ მსჯელობაში მოცემულია სხვა მსჯელობებიც: - „პეტრე მოკვდავია", „პეტრეს აქვს სული და სხეული" და სხვ. ეს იმიტომ, რომ თუ მე პეტრეს ადამიანი ვუწოდე, ამით მე მას მივაწერე ყოველივე ის, რაც მიეწერება ადამიანა. ან თუ მე ვთქვი, რომ ქვა მძიმეა, ამით მე ისიც ვთქვი, რომ ის ძირს ჩამოვარდება, რამდენადაც სიმძიმის ცნება შეიცავს ვარდნის ცნებას. უკანასკნელი მსჯელობები პირველთა შედეგია, და საკმარისია მათგან ეს შედეგები გამოვიყვანოთ, რომ მოგვეცემა ახალი მსჯელობა. სხვა მსჯელობებში ფარული სახით არსებული ახალი მსჯელობების ასეთ პოვნას და მათ გამოყვანას დასკვნა ეწოდება. დასკვნის მოქმედება ასეც შეიძლება განვსაზღვროთ: დასკვნა არის უნარი შევამოწმოთ ან, ასე ვთქვათ, გავზომოთ ორი წინადადება მესამის საშუალებით, რომელიც მათ აკავშირებს. პირველ მაგალითში ორი წინადადება: „პეტრე არის ადამიანი", „მაშასადამე, პეტრე მოკვდავია", შემოწმებულია და გაზომილია მესამით, რომლის ჭეშმარიტობა ცხადია, სახელდობრ წინადადებით: „ადამიანი მოკვდავია". პეტრეს მიეწერება მოკვდავობა იმის გამო, რომ მას მიეწერება ადამიანობა, რომელსაც, თავის მხრივ, მიეწერება მოკვდავობა. აქედან ჩანს, რომ დასკვნა არის ყურადღების შემდგომი განვითარება, და რომ მას თავისი ჩანასახი აქვს იმ საერთო წყაროში, რომლისგანაც მომდინარეობს ყველა ჩვენი უნარი.

 

ძალიან ხშირად ხდება, რომ, თუმცა ერთი მსჯელობა მოიცავს მეორეს, მაგრამ მოიცავს არც ისე ნათლად, რომ ამის დანახვა პირველი შეხედვისთანავე იყოს შესაძლებელი; ასე რომ, ზოგჯერ ორი წინადადების კავშირის აღმოჩენისათვის საჭირო ხდება გავყვეთ გამაშუალებელ წინადადებათა მთელ რიგს და ყოველთვის გადავიდეთ ცნობილიდან უცნობზე. ახლო მაგალითს რომ მივმართოთ, ავიღოთ შემდეგი წინადადება: „ადამიანს აქვს არამატერიალური სული". ეს წინადადება ფარულად მოცემულია მეორეში: „ადამიანს აქვს შეგრძნების უნარი". ან სხვა მაგალითი: წინადადება - „სინდიყი ბარომეტრში გარკვეულ სიმაღლეზე დგას" მოცემულია მეორეში: „ჰაერი მძიმეა". მაგრამ რამდენადაც ამ წინადადებათა შორის კავშირი თავიდანვე ცხადი არაა, საჭირო ხდება მივმართოთ რამდენიმე გამაშუალებელ მსჯელობას, რათა ვწვდეთ ამ კავშირს. ასე მოვიქეცით წინა თავში, სადაც ჩვენ მოვიყვანეთ გამაშუალებელ წინადადებათა მთელი რიგი, ე.ი. ყველა ხუთი გრძნობის მთელი განხილვა, რათა მიგვეკვლია კავშირისათვის წინა ორ წინადადებას შორის. ამაშია დასაბუთების მთელი ხელოვნება, ხელოვნება, რომელიც ესოდენ დიდია და აუცილებელი მეცნიერებაში. დასკვნის უნარს სხვა ფსიქოლოგები აზროვნებას ან გონებას უწოდებენ. იგი სულის შემეცნებითი მოქმედების უმაღლესი გამოვლინებაა.

 

მისი ძალა ადამიანს ღრმააზრისანსა და გამჭრიახს ხდის, რადგანაც რა არის გამჭრიახობა, თუ არა უნარი პირდაპირ და უშუალოდ ხედავდე კავშირს ისეთ წინადადებათა შორის, რომელთაც ჩვეულებრივი გონებისათვის არავითარი კავშირი არა აქვთ ერთმანეთთან. ღრმად მოაზროვნე გონება უშუალოდ ხედავს ყველა შედეგს, რომლებსაც შეიცავს ყოველი მსჯელობა, ყოველ მიმართებას, რომელიც მსჯელობას შეიძლება ჰქონდეს სხვა მსჯელობებთან. ერთი სიტყვით, მას უშუალოდ ესმის ის, რისთვისაც სხვებს ახსნა-განმარტებები და შეუპოვარი შრომა დასჭირდებოდა.