|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი მეორე
სულიერ უნართა ანალიზი
ა) შემეცნებითი უნარების შესახებ
§33. წარმოსახვა
როცა განმტკიცებულმა ყურადღებამ სულში შთაბეჭდა საგანთა მრავალი
სახე და გრძნობადი თვისება, როცა სულმა უკვე მიიღო და დაიმახსოვრა შეგრძნებათა
საკმარისი რაოდენობა, შეამჩნია საგანთა ბევრი თვისება და მათ შორის არსებული
მიმართება, განსაკუთრებით კი როცა ადამიანმა ისწავლა სიტყვათა მნიშვნელობა და სწორი
მოხმარება, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ მან ყოველი საგნის შესახებ წარმოდგენა
შეადგინა, მაშინ ყოველი სიტყვა მასში ბადებს იმ საგნის წარმოდგენას, რომელსაც
აღნიშნავს. ესაა წარმოსახვის პირველი საფეხური, და მას, ჩანს, თავის საგნად აქვს
რეალური სამყაროს სახეები. ამიტომ, არსებითად რომ ვთქვათ, წარმოდგენები მხოლოდ
გრძნობადი საგნებისა შეიძლება გვქონდეს. მაგრამ სიტყვა წარმოდგენა იხმარება
განყენებულ საგანთა მიმართაც, აგრეთვე უხილავ არსებათა მიმართაც, მაგალითად,
წარმოდგენა ანგელოზთა შესახებ და სხვ. ადამიანი ცდილობს ყველაფერი გრძნობად
ფორმებში წარმოიდგინოს, რის გამოც ყველაზე უფრო განყენებულ და უხილავ საგნებს იგი
ხილულ საგანთა ფორმით წარმოიდგენს.
მაგრამ ჩვენს ყურადღებას შეუძლია უეცრად ისეთ საგნებსა და ხატებს მიმართოს,
რომლებიც ბუნებაში კი არიან, მაგრამ განცალკევებულად არსებობენ. ასეთ შემთხვევაშიც
სული ერთ ხატად აერთიანებს ისეთ წარმოდგენებს, რომელთა შესატყვისი საგნები ბუნებაში
განცალკევებულად არსებობენ, მაგალითად, მას შეუძლია ყველა ადამიანისაგან შეარჩიოს
მათი ყველა საუკეთესო თვისება: სიბრძნე, სიმამაცე, გულმოწყალეობა, სილამაზე,
სიყვარული და ა.შ. და ყველაფერი ერთ სახედ გააერთიანოს, რაც შეადგენს
ეგრეთწოდებულ იდეალს ადამიანისა. სულის ეს მოქმედება წარმოსახვის უნარზეა
დამოკიდებული. მას შემოქმედებით უნარს უწოდებენ, და მართლაც, ის თითქოსდა ქმნის
საგნებს, რადგანაც აერთებს ისეთ თვისებებსა და ნიშნებს, რომლებიც ბუნებაში ერთად არ
არსებობენ.
ამ უნარის უმაღლეს ხარისხს ფანტაზიას უწოდებენ და შემოქმედება, უმთავრესად, მას
ეკუთვნის. ფანტაზიაში ყველაზე უფრო ძლიერად ვლინდება სულის თავისუფლება, რადგანაც
ყველა სხვა მოქმედებისას იგი ბრკოლდება და იზღუდება უკვე იმით, რომ შემეცნების
საგანი არის რაღაც მოცემული, და შემეცნება მთლიანად უნდა შეესაბამებოდეს მას, ფანტაზია კი თვითონ ქმნის თავისთვის ახალ
სამყაროს და ახალ საგნებს. აი, რატომაა, რომ პოეტთა და მხატვართა ნაწარმოებებს
თავისუფალი შემოქმედების ნაყოფად მიიჩნევენ.
|
|