|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი მეორე
სულიერ უნართა ანალიზი
ა) შემეცნებითი უნარების შესახებ
§32. განაზრება
სულს თავისი ყურადღებით შეუძლია, თანდათანობით გადავიდეს საგნიდან
საგანზე, წარმოდგენიდან წარმოდგენაზე, და ამ გადასვლის კვალობაზე ერთმანეთს შეუდაროს
მრავალი საგანი ან საგანთა ნაწილები, მრავალი თვისება და მოვლენა, და ამ შედარების
გზით იმსჯელოს მათ შესახებ. როცა სული ამ გზით აწარმოებს მსჯელობათა რიგს, ის თითქოს
აისახება ერთი საგნიდან მეორეზე გადამსვლელ ყურადღებაში, რის გამოც სულის ამ მოქმედებას
უწოდებენ განაზრებას (reflexio). ამიტომ განაზრება სხვა არაფერია, თუ არა ყურადღება,
რომელიც ერთი წარმოდგენიდან გადადის მეორეზე და ადარებს მათ. მაშასადამე, ეს უკანასკნელი
უნარი სულისა გამომდინარეობს ყურადღებიდან, როგორც ეს უკანასკნელი, თავის მხრივ,
გამომდინარეობს შეგრძნების უნარიდან. მაგრამ ამ ახალ უნარში კიდევ უფრო მეტად იჩენს
თავს სულის თავისუფლება და დამოუკიდებლობა, ვიდრე ყურადღებაში, რადგანაც სულს უფრო
მეტად და ადვილად შეუძლია მართოს თავისი განაზრება, მისცეს მას გარკვეული
მიმართულება, უფრო მეტად შეჩერდეს ზოგიერთ საგანსა და ცნებაზე, ვიდრე სხვებზე,
საჭიროებისდა მიხედვით.
|
|