|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი მეორე
სულიერ უნართა ანალიზი
ა) შემეცნებითი უნარების შესახებ
§31. შედარება ანუ მსჯელობა
როცა სული ყურადღებას აჩერებს რომელიმე საგანზე, იგი
მაშინვე ამჩნევს მის თვისებებსა და განმასხვავებელ ნიშნებს, ანუ, სხვა სიტყვებით თუ
ვიტყვით, ნახულობს გარკვეულ რაიმეს, რაც საგანს ეკუთვნის. თუ საგანი ხილულია და
გრძნობადი, სული მასში ამჩნევს ფერს, ფიგურას, სიდიდეს, მდგომარეობას, რომელიც მას
უკავია სხვა საგანთა შორის, შემდეგ კი, უფრო ყურადღებიანი დაკვირვებისას, ამჩნევს
მის ყველა ფიზიკურ თვისებასაც. თუ სული ყურადღებას მიმართავს რაიმე განყენებულ
წარმოდგენაზე, რომელიც თვითონ ჩვენშია მოცემული და რომელსაც არა აქვს გრძნობადი
თვისებები, მაშინ იგი ამჩნევს რა ნიშნებისაგანაა აგებული ეს წარმოდგენა, რა
კავშირშია სხვა წარმოდგენებთან და სხვ., ერთი სიტყვით, ხილულ საგანს აქცევს
ყურადღებას, თუ განყენებულ წარმოდგენას, სული ყოველთვის დაძებნის მასში რაიმე
ნიშნებს. ხოლო თუ იგი ყურადღებას აქცევს ერთდროულად ორ საგანს, მაშინ ამჩნევს მათ
მსგავსებას თუ განსხვავებას და, საერთოდ, მათს ურთიერთმიმართებას. მაშასადამე,
ყურადღების მიმართვა ერთ ან ორ ხილულ თუ აზრითს საგანზე უკვე ნიშნავს მათს
შედარებას, მაშასადამე, მათზე მსჯელობასაც. ამრიგად, შედარება არის ყურადღება,
მიმართული ორ საგანზე ერთდროულად, ან, რაც იგივეა, ერთ საგანსა და მის თვისებაზე.
სულის ამ ძალას ეწოდება განსჯა, ხოლო მის მოქმედებას ანუ გამომჟღავნებას -
მსჯელობა.
ამრიგად, კარგად მსჯელობს ის, ვინც უფრო სწრაფად პოულობს საგნის
თვისებებს და მის მსგავსებასა და განსხვავებას სხვა საგნებთან. ამიტომ აშკარაა, რომ
ამ უნარის ღირსებები და ნაკლოვანებები ნაწილობრივ ყურადღების თვისებებში
მდგომარეობს, ე.ი. ვინც უფრო სწრაფად პოულობს საგნის თვისებებს და მის მსგავსეასა
და განსხვავებას სხვა საგნებთან. ამიტომ აშკარაა, რომ ამ უნარის ღირსებები და
ნაკლოვანებები ნაწილობრივ ყურადღების
თვისებებში მდგომარეობს, ე.ი. ვინც უფრო სწორად ახერხებს, შეამჩნიოს საგანთა
განმასხვავებელი თვისებები, სწორედ მისი მსჯელობაა უკეთესი. ზოგ ადამიანს მახვილი
განსჯის უნარი აქვს, ე.ი. შეუძლია უფრო სწრაფად და სწორად აღმოაჩინოს საგანთა
მსგავსებები და განსხვავებები, სხვების განსჯის უნარი კი, პირიქით, ჩლუნგია ე.ი.
ისინი ვერ ახერხებენ საგანთა მსგავსების გამოძებნას. ღრმა და ძლიერი განსჯა
საგნებში ისეთ თვისებებსა და მიმართებებს ხედავს, რომელნიც შეუმჩნეველი რჩება ზედაპირულ
განსჯას. მსჯელობის თავისუფლება და დამოუკიდებლობა იმაში მჟღავნდება, რომ ხშირად იგი
ასწორებს გრძნობის ორგანოების შთაბეჭდილებებს, მაგალითად, ზოგჯერ ჩვენ ბგერები გვესმის
არა იმ მხრიდან, საიდანაც ისინი მოდიან, ზოგჯერ შორს მყოფი საგანი ახლოს მდებარედ
გვეჩვენება და პირიქით, ზოგჯერ ავადმყოფური მდგომრეობა ცვლის საგნის ფერს, გემოს და
სხვ., ყველა ასეთ შემთხვევაში განსჯის უნარი ბრმად კი არ ენდობა შთაბეჭდილებებს,
არამედ ასწორებს მათ.
|
|