|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი მეორე
სულიერ უნართა ანალიზი
ა) შემეცნებითი უნარების შესახებ
§30. ყურადღება
როცა მე რამდენიმე საგანს ვუყურებ ერთდროულად, შეიძლება ითქვას,
რომ ვერც ერთ მათგანს ვერ ხედავ ჯეროვნად. მაგრამ თუ მსურს ისინი რიგიანად
შევისწავლო, თითოეულ ამ საგანზე, თუნდაც რამდენიმე წამით, თვალი ისე უნდა შევაჩერო, რომ ამ წამს
მე სხვას არაფერს ვხედავდე და სხვაზე არაფერზე ვფიქრობდე, გარდა განსახილველი
საგნისა. მოვიყვან სხვა მაგალითს: თუ მე ერთდროულად ბევრი ხმა მესმის, სმენის შეგრძნება
აღრეული, განუსაზღვრელი იქნება. მაგრამ თუ მინდა გავარჩიო ხმები, გავიგო ვის ან რას
ეკუთვნის ისინი, მაშინ ჩემამდე მოღწეულ თითოეულ ხმას ცალკე უნდა დავუგდო ყური. კიდევ
ერთი მაგალითი: დავუშვათ, მე შევდივარ ორანჟერეაში, რომელსაც ყვავილთა სურნელი
ავსებს. ჩემი ყნოსვა ერთდროულად შეიგრძნებს მრავალ სუნს, და ეს შეგრძნებაც
აღრეულია, განუსაზღვრელია. მაგრამ თუ მსურს გავარჩიო, რომელი სუნი რომელ ყვავილს
ეკუთვნის, მე ცალ-ცალკე უნდა ვუყნოსო თითოეულ ყვავილს. თვალის ეს შეჩერება საგნებზე
ანუ შეხედვა, ეს ყურის მიგდება, ეს დაყნოსვა, წარმოადგენს სულის
მოქმედებას, ანუ მის იმ უნარს, რომელსაც ყურადღებას უწოდებენ. ამრიგად, ყურადღება არის
სულის ის მოქმედება, როცა სული მასში წარმოქმნილ მრავალ შეგრძნებათაგან რომელიმე
ერთზე ჩერდება ან რიგრიგობით თითოეულზე. ორგანოსთან მიმართებით კი ყურადღება არის
მისი ისე მართვა, რომ მიღებულ იქნეს სწორედ ის შთაბეჭდილება, რომელსაც სული ირჩევს თავისი ყურადღების საგნად.
აშკარაა, რომ ყურადღებით იწყება ყოველგვარი შემეცნება, რადგანაც არ შეიძლება ვიცოდეთ
ის, რისთვისაც ჩვენ ყურადღება არ მიგვიქცევია. ყურადღების ძალა მოწმობს თვითონ სულის
ძალას, და ტყუილად როდია ნათქვამი, რომ გენია არის ყურადღების სიღრმე და ძალა, მაგრამ
ამ უნარის უდიდესი მნიშვნელობა ფსიქოლოგისათვის ისაა, რომ იგი არის სულის პირველი
თავისუფალი მოძრაობა. სული შეგრძნებისას თავისუფალი არაა, რადგანაც იგი უნებურად
გრძნობს იმას, რასაც იძლევიან ორგანოთა შთაბეჭდილებები. მას არ შეუძლია არ დაინახოს,
როცა თვალები გახელილია, არ გაიგონოს, როცა ახლო გაისმის ბგერები, და ამასთან, მას არ
შეუძლია შეიგრძნოს სხვაგვარად, თუ არა მხოლოდ ხუთი გრძნობის ორგანოს მეშვეობით, მაგრამ
ყურადღება არის მისი თავისუფალი გამოვლინება.
როცა სული ბევრ საგანს ხედავს, მასზეა დამოკიდებული, შეაჩეროს მზერა ამა თუ იმ საგანზე
და ასეთი თუ ისეთი დროით. როცა მას ბევრი ბგერა ესმის, მასზეა დამოკიდებული, რომელიმე
მათგანს მიუგდებს ყურს თუ არა. ამასთან, რაც უფრო მეტი ენერგიის გამოყენებით ხდება ეს
პროცესი, რაც უფრო მეტი ძალისხმევით იყენებს სული ამ ძალას, ე.ი. რაც უფრო
დაბეჯითებით აქცევს ყურადღებას რაიმეს, მით უფრო დიდ თავისუფლებას ამჟღავნებს, რადგანაც
ამისათვის საჭიროა ნების მნიშვნელოვანი ძალისხმევა, ხდება, რომ ადამიანი რომელიმე
ერთ საგანს მიაჩერდება, სხვას ვერაფერს ხედავს და სხვა არა ესმის რა, ან რომელიმე აზრს
ჩაუღრმავდება და, როგორც იტყვიან, ყოველივე დანარჩე მიმართ ბრმაა და ყრუ.
მაგრამ ყურადღების ასეთი დაძაბვის უნარი ყველას არა აქვს, ზოგიერთს არ შეუძლია დიდხანს
შეჩერდეს რაიმეზე. ასეთ ადამიანებს დაბნეულებს უწოდებენ - და ეს სახელწოდება შესანიშნავად გამოხატავს მათ ნაკლოვანებას. ისინი თავისი გრძნობებითა და ყურადღებით
თითქოს დაეხეტებიან საგნიდან საგნისკენ.
თუკი ეს უნარი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მის გარეშე შეუძლებელია რაიმე შემეცნება,
ხოლო მისი ძალისხმევა თვითონ ნიჭიერებასა და ძლიერებაზე მეტყველებს, მაშინ განა გასაკვირი
არაა, რომ მის შესახებ არაფერია ნათქვამი ფსიქოლოგიის ბევრ წიგნში, რომელნიც ჩვენ
საუკუნეში გამოსულა და გამოდის. ცხადია, სულიერ უნართა შესწავლა ყურადღებით უნდა
დაიწყოს, რადგანაც თვით სული ყოველ შემეცნებითს მოქმედებას იწყებს
შემეცნების საგანზე ყურადღების მიმართვით.
|
|